სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დებულება 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორია (შემდგომში “ლაბორატორია”) შექმნილია “უმაღლესი განათლების შესახებ”, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ლაბორატორია წარმოადგენს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
3. ლაბორატორია საქმიანობისას ძირითადად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის თსსუ-ის წესდებით, კომპეტენციის შესაბამისად თსსუ-ის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებითა და წინამდებარე დებულებით.
4. ლაბორატორიას აქვს დადგენილი წესით დამტკიცებული რეკვიზიტებით სარგებლობის უფლება. ლაბორატორიის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით, მათ შორის ფინანსური სახსრებით სარგებლობას და განკარგვას ლაბორატორია ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
5. ლაბორატორიის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #33.

მუხლი 2.ლაბორატორიის ძირითადი მიზანი და ფუნქციები

1. ლაბორატორიის ძირითადი მიზანია დიპლომამდელი (საბაზო) და დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, რეზიდენტურის ალტერნატიული ფორმა) და უწყვეტი პროფესიული განვითარებისა (პროფესიული მზადებისა და სამედიცინო
 
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება) პათოლოგიური ანატომიის პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკური ბაზით უზრუნველყოფა, ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა პათოლოგოანატომიური დიაგნოსტიკით და თვითდინებით შემოსული მასალების პათოლოგოანატომიური გამოკვლევა.
2. ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი (რეზიდენტურა) პროფესიული მზადების (პათოლოგიური ანატომიის სწავლება) განხორციელება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარება: უწყვეტი სამედიცინო განათლების პროფესიული რეაბილიტაცია და სხვა შესაბამისი პროგრამების, ციკლებისა და ტრეინინგების განხორციელება;
გ) ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო დიაგნოსტიკური საქმიანობა;
დ) სასწავლო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო_კვლევითი სამუშაოების წარმოება.
ე) დადგენილი წესით პათოლოგიაში ახალი სადიაგნოზო ტექნოლოგიების აპრობაცია და დანერგვა.
4. ლაბორატორია უფლებამოსილია:

ა) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნება დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან, თსსუ-ის ადმინისტრაციის დავალებებთან და გაფორმებულ ხელშეკრულებებთან.
5. ლაბორატორია ადგენს სამედიცინო სტანდარტებს ლაბორატორიის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო მომსახურების სფეროების მიხედვით და კანცლერთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს.
6. ლაბორატორია ვალდებულია ოპერატიულად მიაწოდოს თსსუ-ის მართვის ორგანოებს მოთხოვნილი ინფორმაცია საქმიანობის მიმდინარეობის თაობაზე.
 
მუხლი 3. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა

1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ლაბორატორიის დირექტორი, რომელსაც კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
2. დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში ხელმძღვანელობს დიაგნოსტიკურ საქმიანობას, რომელსაც კანცლერის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
3. ლაბორატორიის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე და საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-პათოლოგოანატომი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი პათოლოგოანატომად მუშაობის გამოცდილება.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში.
მუხლი 4. ლაბორატორიის დირექტორი

1. ლაბორატორიის დირექტორი:

1.1.ლაბორატორიის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით;
1.2.დირექტორი უზრუნველყოფს:

ა) ლაბორატორიის საქმიანობის ხელმძღვანელობას;

ბ) ლაბორატორიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვასა და კონტროლს;

გ) ლაბორატორიის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;

დ) მოთხოვნის შესაბამისად ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;
ე) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენას რექტორთან;
1.3. ამტკიცებს ლაბორატორიის შინაგანაწესს რექტორთან შეთანხმებით;
 
1.4. დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
1.5. დირექტორი, მოადგილე კლინიკურ დარგში, უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ფარგლებში ან მინდობილობით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.
2. ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში

2.1. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის დიაგნოსტიკურ საქმიანობას და ხელს უწყობს ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების აპრობაციას და დანერგვას ლაბორატორიაში.
2.2. კონტროლს უწევს ლაბორატორიის დიაგნოსტიკური საქმიანობის ხარისხს;

2.3. ანაწილებს მოვალეობებს ლაბორატორიის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;


მუხლი 5. ლაბორატორიის აპარატი და დამხმარე პერსონალი

1. ლაბორატორიის თანამშრომლებს ლაბორატორიის დირექტორის და მოადგილის კლინიკურ დარგში წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;
2. ლაბორატორიის რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით;
3. ლაბორატორიის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი.
4. იმ დასაქმებულთან, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული ქონებისა და ფასეულობის შენახვასთან, დამუშავებასთან, ან სამუშაო პროცესში გამოყენებასთან, იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
 
მუხლი 6.ლაბორატორიის ქონება და ეკონომიკური საქმიანობა

1. ლაბორატორიის ქონება წარმოადგენს თსსუ-ის საკუთრებას და ლაბორატორიას იგი გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით.
2. ლაბორატორია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს:

ა) საკუთარი სახელით, თსსუ-ის მიერ დადგენილ ფარგლებში ან
ბ) თსსუ-ის მინდობილობით, სახელშეკრულებო საწყისებზე სათანადო ანაზღაურების პირობებში;
3. ეკონომიკურ საქმიანობას ლაბორატორია ახორციელებს წინამდებარე დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე.
4. ლაბორატორია განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს და კანცლერთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს.
მუხლი 7. აღრიცხვა და ანგარიშგება

1. საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას ლაბორატორია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.
2. სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს და გრძელდება 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 8. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
1. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება თსსუ-ის მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.
2. ლაბორატორიის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9.პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
 
1. ლაბორატორია პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.

2. ლაბორატორიის დირექტორისა და ლაბორატორიის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 10.ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა

1. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეორგანიზაცია; ბ) ლიკვიდაცია.
2. ლაბორატორიის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 11.დასკვნითი დებულებები

ლაბორატორიის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.