თსსუ–ის უცხოენოვანი სექტორის საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის, ,,საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №524 დადგენილების შესაბამისად, უნივერსიტეტის უცხოენოვანი სექტორის საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყებად აუცილებელი ორგანიზაციულ- სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით:


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია გაგრძელდეს 2014 წლის 30 ნოემბრამდე.

2. შემოდგომის სემესტრის ვადები პირველი კურსის სტუდენტებისათვის განისაზღვროს 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2015 წლის 7 მარტამდე.

3. სათანადო საფუძვლების ან ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით დადგენილისაგან სასწავლო პროცესის განსხვავებული თარიღები.

4. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია (შემდგომში რეგისტრაცია) განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა.

6. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში პირი კარგავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და ეთქმება დასაბუთებული უარი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე.

7. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.

8. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია _ ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) -
`სასწავლო პროცესის მართვის სისტემის~ საშუალებით.

9. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე–რექტორს რ.ბერიაშვილს.

10. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე–რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ფინანსური რესურსების მართვის და აღრიცხვა ანგარიშგების დეპარტამენტს.

11. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია