სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სტუდენტის ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 04 აპრილის N01-149/ო ბრძანების „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ გათვალისწინებით,

ვბრძანებ:

1.სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, სასწავლო კორპუსებსა და კლინიკებში შემოსვლა, განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, რაც გულისხმობს:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კერძოდ, სამედიცინო (ქირურგიული) ნიღბის სავალდებულო გამოყენებას;
ბ) უსაფრთხო სოციალური დისტანციის დაცვას;
გ) ჰიგიენის წესების რეგულარულ და საფუძვლიან დაცვას, რაც გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას; ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი, სადეზინფექციო, ხელის გამწმენდი სითხე.

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის № 124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებით“ დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოცხადებას.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ვიცე-რექტორს, ხ. თოდაძეს.
 
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. დაევალოს თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გ.ჭიჭინაძე) ბრძანების თსსუ-ის ვებ-გვერდზე და თვალსაჩინო ადგილებზე განთავსება.

6. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, კანცლერის მოადგილეებს, რექტორის აპარატის უფროსს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი , კანცლერი, პროფესორი  ზურაბ ორჯონიკიძე