საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 და 3​2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №296/ნ -სსმIII,№119,17.09.2010წ.,მუხ.1766


1. დამტკიცდეს:
ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები (დანართი 1);
ბ) რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი (დანართი 2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ლ. ჭიპაშვილი


დანართი 1


ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები


    მუხლი 1. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) მიზანია უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული კურსდამთავრებულის მიერ რომელიმე საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლების მოპოვება.

    მუხლი 2. გამოცდის ჩატარების ორგანიზაცია
1. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ (პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნო). სააპელაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო (საბჭოს სამდივნო).
3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:
ა) საბჭოს მიერ განაცხადების რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღების, საგამოცდო პროცესის პერიოდის განსაზღვრას და საგამოცდო ტესტ-კითხვარების დამტკიცებას;
ბ) გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომ – გამოსაცდელი) განცხადების რეგისტრაციას;
გ) რეგისტრაცია სრულდება განაცხადების მიღების ბოლო დღის 24 საათზე;
დ) საბუთების ექსპერტიზას;
ე) გამოსაცდელთა მონაცემთა ბაზის შექმნას;
ვ) გამოცდის თარიღის შესახებ მაძიებლების ინფორმირების უზრუნველყოფას;
ზ) საგამოცდო პროცესის ორგანიზებას;
თ) გამოცდის შედეგების საბჭოსათვის წარდგენას;
ი) გამოცდის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფას.
4. გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) და დიპლომის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
5. თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა შეტყობინება, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის ჩატარების თარიღი და დრო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №296/ნ -სსმIII,№119,17.09.2010წ.,მუხ.1766
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის ბრძანება №01-77/ნ - ვებგვერდი, 08.07.2020წ.


    მუხლი 3. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირი
1. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებულ კურსდამთავრებულს.
2. დიპლომირებულ კურსდამთავრებულად ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის სრული კურსი და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი.
3. პირი, რომელსაც უცხო ქვეყანაში მიღებული აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები ცნობილ იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. გამოცდის მიმდინარეობა
1. საგამოცდო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის მიხედვით გამოცხადებულმა გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. დაგვიანებული გამოსაცდელი გამოცდაზე არ დაიშვება.
4. გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
5. (ამოღებულია - 07.07.2020, №01-77/ნ).
6. გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით, წელიწადში ორჯერ.
7. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო გამოცდაზე. ამ შემთხვევაში წინა გამოცდის შედეგი ბათილია.
8. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან.
9. გამოცდაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს იმავე საგამოცდო პერიოდში განმეორებითი გამოცდის ჩაბარება, მიუხედავად საპატიო მიზეზისა. გამოცდაზე გამოუცხადებელ პირს ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საგამოცდო პერიოდში.
10.გამოცდის მსვლელობისას დარბაზში გამოსაცდელების, საგამოცდო და სააპელაციო კომისიის წევრების, კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფის გარდა, უცხო პირი დაიშვება საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 07.02.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის ბრძანება №01-77/ნ - ვებგვერდი, 08.07.2020წ.


    მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები
1. გამოსაცდელი გამოცდაზე შესვლისას იღებს ადგილის ნომერს და იკავებს კუთვნილ ადგილს.
2. თითოეული საგამოცდო ბილეთის ფორმირება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით. საგამოცდო ბილეთში ტესტების რაოდენობა, ფორმატი და სამუშაო დრო განისაზღვრება საბჭოს მიერ.
3. საგამოცდო ბილეთის ერთ ტესტში სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
4. საბჭოს მიერ განისაზღვრება დადებითი შედეგის ქულების რაოდენობა.         
5. გამოსაცდელის ტესტური ნაშრომი ჩაბარების შემდეგ ექვემდებარება დამოწმებას საგამოცდო კომისიის შესაბამისი წარმომადგენლის ხელმოწერით.
6. საგამოცდო ბილეთის პასუხები მოწმდება კომპიუტერული პროგრამით და დაფიქსირებული შედეგი ეცნობება გამოსაცდელს შეფასების ფურცლის სახით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის ბრძანება №01-77/ნ - ვებგვერდი, 08.07.2020წ.


    მუხლი 6. გამოცდის შედეგი და მოქმედების ვადა
1. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, მიღებული ქულებისა და მოქმედების ვადის აღნიშვნით.
2. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობას გასცემს საბჭო.
3. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს ანიჭებს უფლებას მიიღოს მონაწილეობა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსში ან რეზიდენტურის ალტერნატიული გზით დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად.
4. საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №296/ნ -სსმIII,№119,17.09.2010წ.,მუხ.1766

    მუხლი 7. აპელაცია
1. გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს სააპელაციო კომისიას გამოცდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
2. ააპელაციის შედეგი ფორმდება სააპელაციო კომისიის ოქმით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია, არ განიხილოს განმეორებითი აპელაცია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №296/ნ -სსმIII,№119,17.09.2010წ.,მუხ.1766

    მუხლი 8. საჯაროობა
1. გამოცდაზე დამკვირვებლის სტატუსით დამსწრის აკრედიტაციაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, დაინტერესებული პირის მიერ საბჭოში გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე შეტანილი განაცხადის საფუძველზე.
2. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.

მუხლი 9. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) იმ პირთა მონაწილეობა, რომელთაც ეს უფლება მოიპოვეს საზღვარგარეთ
1. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი (step 1), მეორე (step 2 CK) და მესამე ეტაპის (step 3) ჩაბარება (დიპლომირებული ექიმისთვის) გათანაბრებულია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის უმაღლეს ქულასთან (200 ქულა).
2. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს, დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.
3. სხვა ქვეყნებში მოპოვებული დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)   მონაწილეობის უფლების გათანაბრება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებასთან შესაძლებელია პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით,  სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №01-63/ნ - ვებგვერდი, 19.12.2011წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №01-112/ნ - ვებგვერდი, 01.11.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №01-99/ნ - ვებგვერდი, 17.12.2021წ.


 დანართი 2


რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი


    მუხლი 1. მიზანი
რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის მიზანია სარეზიდენტო მზადებისათვის კონტინგენტის შერჩევა ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში.

    მუხლი 2. კონკურსის ჩატარების ორგანიზაცია
1. რეზიდენტურაში ჩასარიცხ პირთა რაოდენობა სპეციალობების მიხედვით განისაზღვრება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც აცხადებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო).
3. კონკურსის ჩატარების ვადები, საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეული ორგანიზაცია (შემდგომში – კონკურსის ორგანიზატორი).
5. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს:
ა) კონკურსში მონაწილეობის მსურველთა (შემდგომში – კონკურსანტი) განცხადების მიღებას;
ბ) კონსულტაციას (საჭიროების შემთხვევაში);
გ) საბუთების ექსპერტიზას;
დ) კონკურსანტთა მონაცემთა ბაზის შექმნას;
ე) საკონკურსო ბარათების გაცემას;
ვ) საკონკურსო ტესტების შედგენას და რედაქტირებას;
ზ) კონკურსის შედეგის სათანადო წესით გაფორმებას და საბჭოსთვის წარდგენას;
თ) კონკურსის შედეგების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებას.
6. კონკურსზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება იწყება კონკურსის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მეორე სამუშაო დღეს და მთავრდება კონკურსის დაწყებამდე სამი დღით ადრე. განცხადების მიღების ბოლო დღის 18 საათზე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.
7. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება საკონკურსო სპეციალობის მითითებით, რომლის შეცვლა მიმდინარე საკონკურსო პერიოდში დაუშვებელია;
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა;
გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
8. საბჭო განსაზღვრავს საკონკურსო განრიგს, ხოლო კონკურსის ორგანიზატორი თითოეულ კონკურსანტზე გასცემს ბარათს, რომელშიც აღინიშნება კონკურსანტის სახელი, გვარი, კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის, ასევე, სააპელაციო განაცხადის მიღების თარიღი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №296/ნ -სსმIII,№119,17.09.2010წ.,მუხ.1766

    მუხლი 3. კონკურსანტობის უფლების მქონე პირი
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სპეციალობის მაძიებელს.
2. სპეციალობის მაძიებლად ითვლება პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიღებული აქვს 151 და მეტი ქულა.

    მუხლი 4. კონკურსის მიმდინარეობა
1. საკონკურსო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის მიხედვით გამოცხადებულმა კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საკონკურსო ბარათი.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საკონკურსო ბარათის გარეშე პირი კონკურსზე არ დაიშვება.
3. დაგვიანებული კონკურსანტი კონკურსზე არ დაიშვება.
4. კონკურსი ტარდება სახელმწიფო ენაზე.
5. უცხოენოვანი კონკურსანტისთვის წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია ასისტენტის მომსახურება.
6. კონკურსი ტარდება ტესტური ფორმით, წელიწადში ერთხელ.
7. კონკურსის მსვლელობისას კონკურსანტს ეკრძალება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა და გამოყენება. კონკურსანტი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება კონკურსიდან.
9. კონკურსზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს იმავე საკონკურსო პერიოდში განმეორებითი მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, მიუხედავად საპატიო მიზეზისა.
10. კონკურსის მსვლელობისას დარბაზში კონკურსანტების, საკონკურსო და სააპელაციო კომისიების წევრების, კონკურსის ორგანიზატორის წარმომადგენლების, კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფისა და აკრედიტებული დამკვირვებლების გარდა სხვა პირი არ დაიშვება.

    მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები
1. კონკურსანტი კონკურსზე შესვლისას იღებს დასაკავებელი ადგილის ნომერს და იკავებს კუთვნილ ადგილს.
2. თითოეული საკონკურსო ბილეთის ფორმირება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით შემთხვევითი ამორჩევის წესით. საკონკურსო ბილეთი შედგება ასი ტესტისგან. ყოველი ტესტის სავარაუდო პასუხებიდან კონკურსანტმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი. სხვა შემთხვევაში ტესტი ფასდება 0 ქულით.
3. საკონკურსო ბილეთის ერთ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
4. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს კონკურსანტი, რომელმაც მიიღო შეფასება 75 და მეტი ქულა.
5. კონკურსანტს ტესტების შესავსებად ეძლევა 1,5 საათი. დროის გადაცილების შემთხვევაში ნამუშევარი არ შეფასდება და კონკურსანტს ჩამოერთმევა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლება.
6. კონკურსანტის ტესტური ნაშრომი ჩაბარების შემდეგ ექვემდებარება დამოწმებას კონკურსის ორგანიზატორის შესაბამისი წარმომადგენლის ხელმოწერით.
7. საკონკურსო ბილეთის პასუხები მოწმდება კომპიუტერული პროგრამით და დაფიქსირებული შედეგი იქვე ეცნობება კონკურსანტს შეფასების ფურცლის სახით.

    მუხლი 6. კონკურსის შედეგები
1. კონკურსში გამარჯვებულ პირთა სია განისაზღვრება კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის მიხედვით.
2. რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილების დაკავების რიგითობა განისაზღვრება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისა და საკონკურსო ქულების არითმეტიკული ჯამით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანაბარ-ქულიანი შეფასების შემთხევაში, თანაბარქულიანი კანდიდატებისათვის ინიშნება დამატებით ტესტური კონკურსი გამარჯვებულის გამოვლენამდე. ამ შემთხვევაში საკონკურსო ბილეთის მოცულობა განისაზღვრება 50 ტესტ – კითხვით, ხოლო კონკურსის ხანგრძლივობა – 30 წუთით.
4. კონკურსის შედეგები წარედგინება საბჭოს.

    მუხლი 7. აპელაცია
1. კონკურსანტი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს სააპელაციო კომისიას კონკურსის დამთავრებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
2. აპელაციის შედეგი ფორმდება სააპელაციო კომისიის ოქმით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. საჯაროობა
1. კონკურსზე დამკვირვებლის სტატუსით დამსწრის აკრედიტაციაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, დაინტერესებული პირის მიერ საბჭოში კონკურსამდე 5 დღით ადრე შეტანილი განაცხადის საფუძველზე.
2. დამკვირვებელს ეკრძალება კონკურსში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
3. კონკურსის საბოლოო შედეგები და გამარჯვებული პირების რეზიდენტურაში ჩარიცხვა ფორმდება საბჭოს ოქმით და ქვეყნდება დადგენილი წესით.


წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე