სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბის კონსტიტუცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს სიმბოლური დატვირთვის მქონე განმასხვავებელ ნიშანს. გერბის ძირითადი კომპონენტებია ესკუჩეონი (ლათინური Scutum) ანუ ფარი და მოტო დევიზით.
გერბის ტინქტურა შერჩეულია ფერების კონტრასტის წესის მიხედვით (Humphrey Llwyd 1568)

o ფარის ლაჟვარდოვანი მინანქარი (Azur) – სიწმინდის, განვითარებისა და წინსწრაფვის სიმბოლო. გრაფიკული ექვივალენტი – ჰორიზონტალური ხაზები;
o ვერცხლისფერი (Argent) – კეთილშობილების, სიწმინდისა და ჭეშმარიტების სიმბოლო. გრაფიკულად გამოისახება თეთრი ფერით;
o შავი (Sable) – სიფრთხილის, სიბრძნისა და მუდმივი ძიების სიმბოლო. გარფიკულად გამოისახება ჯვარედინი შტრიხებით.

გერბის ესკუჩეონი წარმოდგენილია ლაჟვარდოვანი ფერის ოვალური ფარით, რომლის ცენტრალურ ვერტიკალზე განთავსებულია ვერცხლისფერი  გაფოთლილი  ვაზი  „ამოგლეჯილი“  ხის  სახით  და  მის  კრონზე  შემოხვეული  სამი  ვერცხლისფერ–შავი  პარალელური სპირალით:
o ოვალური ფორმის ფარი – კვერცხის ალეგორია – სიცოცხლის დასაბამისა და იმედის სიმბოლო;
o ვენახი, ვაზი – ჭეშმარიტების, სასიცოცხლო ძალის, ნაყოფიერების, ხსნისა და აღორძინების სიმბოლო; კოსმოსის სიცოცხლე – შეთანაწყობის (ჰარმონიზაცია), ზრდის, განვრცობის, ჩასახვისა და აღორძინების განსახიერება; დაუსაბამო და უსასრულო სიცოცხლის ანუ უკვდავების სიმბოლო;
o  „ამოგლეჯილი“ ხე – ჰერალდიკაში ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და საპატიო ფორმა ფესვებიდან მწვერვალამდე;
o გაფოთლილი ვაზი – ევოლუციური სრულყოფილების სიმბოლო;
o სამკაპა ფესვი – მედიცინისა და მისი სწავლების დასავლური (მარჯვენა კიდურა), აღმოსავლური (მარცხენა კიდურა) და ქართული
(შუა კიდურა) საფუძვლების სიმბოლო;
o სამი ზეაღმართული ვერცხლისფერი რტო ფოთლებით და ტრიფურკაციით საპატიო წერტილში (Honor Point):

მარჯვენა თავისკენ სამი ფოთლით – საბაკალავრო პროგრამების (საზოგადოებრივი ჯანდაცის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტები) სიმბოლო;
მარცხენა თავისკენ ორი ფოთლით – დილომირებული მედიკოსის პროგრამების (მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტები) სიმბოლო;
ვერტიკალური შუა თავისკენ ორი ფოთლით – დიპლომისშემდგომი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სიმბოლო.

o  ვაზის კრონზე დახვეული სამი პარალელური ვერცხლისფერ–შავი ზეაღმავალი სპირალი:
გველის ანუ მედიცინის სიმბოლოს სტილიზებული ფორმა;
 

დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სიმბოლო;
სამეტაპიანი სწავლების სიმბოლო;
სპირალური სწავლების მოდელის განსახიერება;
სამყაროს სპირალური განვითარების სიმბოლო.

o ოვალის მარჯვენა ფრთზე მარჯვენა კიდურადან მარჯვენა თავისკენ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“;
o ოვალის მარცხენა ფრთაზე მარცხენა თავიდან მარცხენა კიდურასკენ განთავსებულია წარწერა ინგილისურ ენაზე – “TBILISI STATE MEDICAL UNIVERSITY”;

დევიზი განთვსებულია მოტოზე, რომლის ფერები და წარწერა შესაბამისობაშია გერბის ტინქტურასთან. წარწერა ლათინურ ენაზეა – „PER
TRADITIONES AD FUTURUM” – „ტრადიციებით მომავლისკენ“ და ასახავს უწყვეტ, ჰარმონიულ კავშირს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.