თსსუ -ის კულტურის ცენტრის ისტორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებით და მრავალფეროვანი საქმიანობით ხელოვნებაში. ქართველ ექიმებს შორის იყვნენ და დღესაც არიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც თავის მეორე პროფესიად აირჩიეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
XX საუკუნის 40 - იან წლების ბოლოს, პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შეიქმნა პირველი ჯაზ - ორკესტრი, ექიმ შოთა არაყიშვილის ხელმძღვანელობით.
50 - 60 - იან წლებში, ექიმები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, ასევე სუხიშვილის ანსამბლის სოლისტები, მსახიობ-მოცეკვავეები, პროზაიკოსები, პოეტები, მოქანდაკეები, მხატვრები და მთარგმნელები.
მრავალი ექიმია გადაღებული სხვადასხვა კინოფილმში. ბევრ ექიმს სამედიცინოს გარდა დამთავრებული აქვს კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი.
70 - 80 - იან წლებში, თსსი - ში მრავალი ცნობილი და იმ დროისთვის პოპულარული სტუდენტური საესტრადო ანსამბლი არსებობდა. მათ შორის იყვნენ: დავით თელიას (ამჟამად თსსუ - ის პროფესორი) როკ - ჯგუფი, „სტატუს ქვო“, "როკ - რაუნდი" ,"P.S.", „დენსი“, ფარმაცევტული ფაკულტეტის გოგონათა კვარტეტი, პედიატრიული ფაკულტეტის კვარტეტი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ცალკეული მუსიკოს - შემსრულებლები და სან - ჰიგიენური ფაკულტეტის თეატრი.
1984 წელს, თსსი - ის სტუდენტების, ბადრი მაჭავარიანისა და მისი მეგობრების ინიციატივით, შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელმაც 1989 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, დიდი წარმატებით იასპარეზა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ მსოფლიო, ევროპისა თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2019 წლის მარტისა და აპრილის თვეში, თსსუ - ის ადმინისტრაციისა და აშშ - ის მხრიდან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელის არჩილ უნდილაშვილის და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანის, პროფესორის გორდონ ჩარჩვორდის მიერ ორგანიზებული, ანსამბლის საგასტროლო მოგზაურობა აშშ - ში, შტატ ჯორჯია, ქ. ატლანტა, სადაც ანსამბლმა, ემორის უნივერსიტეტში დიდი წარმატებით გამართა რამოდენიმე სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დიდი მეგობრის პროფესორ კენ ვოლკერის ხსოვნას.
2020 წლის 10 აგვისტოს, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარებისა, ანსამბლს მიენიჭა ონლაინ ფესტივალის დიპლომი, მსოფლიო ცეკვის ბილლინგამის (ინგლისი) საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი - „პატარა ქალაქის გლობალური გულის ცემა“ - ში მონაწილეობისათვის, ხოლო ამავე წლის 21-22 ნოემბერს გადაეცა სერტიფიკატი, ვირტუალური გამოცემა, ქ. ვარნის უნივერსიტეტის ცეკვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალში -„მეგობრობის შეხვედრები“ მონაწილეობისათვის.
ანსამბლს მინიჭებული აქვს საპატიო „სახალხო ანსამბლი“-ს წოდება (1994 წ. კულტურის სამინისტრო), საუკეთესო ანსამბლის წოდება (1996 წ. - იტალია, 2013 წ. და 2019 წ. საქართველო), არის, ევროპისა და მსოფლიო იუნესკოს ფესტივალების 3 ოქროს, 7 მთავარი პრიზისა და „ევროპარლამენიტის ეგიდით ჩატარებული ფესტივალის“ დიპლომის მფლობელი. 2001 წელს, ამერიკის რადიო „თავისუფლების ხმა“, ჩეხეთიდან, აწყობს სპეციალურ რეპორტაჟს ანსამბლის ევროპაში საუკეთესო გამოსვლებისა და წარმატებების შესახებ. ანსამბლი დღესაც აგრძელებს წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას თსსუ - ის კულტურის ცენტრში.
1992 წელს თსსუ - ში, სტუდენტთა ერთი ჯგუფის ინიციატივით, ყალიბდება მხიარულთა და საზრიანთა გუნდი “კოზა ნოსტრა”, რომელმაც ძალიან მალე მოიხვეჭა ავტორიტეტი და 1996 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მომდევნო წლებში ახალი თაობა წარმატებულად აგრძელებს პირველი თაობის ტრადიციებს და სულ მოკლე ხანში, „კოზა ნოსტრა“, ისევ ხდება საქართველოს ჩემპიონი და მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული. დღეს, ბევრი მათგანი წარმატებული ექიმია, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა სამედიცინო საქმიანობასთან ერთად მუსიკით (თ. უზნაძე - გერმანიაში), ჟურნალისტობით და მსახიობობითაც გაითქვა სახელი (ო. ტატიშვილი), ნიკოლოზ მახვილაძე კი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ედგა სათავეში საქართველოს ჩემპიონატს, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის და იყო სატელევიზიო ჩემპიონატების წამყვანი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ხოლო გიორგი ჭიჭინაძე, დღეს, თსსუ - ის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლავთ.
ამავე წლებში, სამედიცინო უნივერსიტეტში, მოღვაწეობენ და საესტრადო სცენაზე უდიდეს წარმატებას აღწევენ, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, ისეთი ანსამბლები, როგორებიც იყვნენ: ანსამბლი „სოფტ ეჯექტი“ - ხელმძღვანელი, თსსუ - ის სტუდენტი, დღეს ნეიროქირურგიის დარგში ერთ - ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი ჭეიშვილი და ანსამბლი „საქართველოს ჯაზ - სექსტეტი“ - ხელმძღვანელი, თსსუ - ის სტუდენტი, პედიატრი, უნიჭიერესი მუსიკოსი მურმან (ბუკა) კარტოზია.
1998 წლის ნოემბერში, თსსუ - ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა საუნივერსიტეტო კულტურის ცენტრი. დირექტორად დაინიშნა ბადრი მაჭავარიანი, სამხატვრო ხელმძღვანელად - გიორგი ჭიჭინაძე.
კულტურის ცენტრში გაერთიანდნენ: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი” (სამხატვრო ხელმძღვანელი - ფარმაცევტული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ბადრი მაჭავარიანი, მთავარი ქორეოგრაფი - სან. ჰიგიენური ფაკულტეტის კურსდამთავრებული გელა მგელაძე, ლოტბარი - დავით უზნაძე ,რომელიც ანსამბლში მოწვეული იყო 1992 წელს ბადრი მაჭავარიანის მიერ) და მხიარულთა და საზრიანთა გუნდი - „კოზა ნოსტრა“.
ამავე წელს, თსსუ - ის კურსდამთავრებულთა (ჯ. ჯანაშია, გ. აფხაზავა, ბ. ჭეიშვილი, დ. ტაბიძე) თაოსნობით, სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იდგმება და მრავალი წლის განმავლობაში, დიდი წარმატებით მიმდინარეობს, საკონცერტო პროგრამა - „ექიმები არ ხუმრობენ“, რომელშიდაც ყველა მომღერალი, მოცეკვავე, პიანისტი თუ სოლო შემსრულებელი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ. ამ კონცერტში დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ თსსუ - ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერლები, მოცეკვავეები და მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კოზა ნოსტრა“-ს წევრები.
1999 წელს, კულტურის ცენტრში დაარსდა მოძრაობის თეატრი “იმპრო”. მთავარ რეჟისორად მოწვეული იყო - თეა მამუკელაშვილი, ქორეოგრაფად - გიორგი სოსანაშვილი. მათმა სპექტაკლებმა (ბისტრუპის იუმორი - „პირდაპირ მუცლიდან“, „ან მარცხნივ, ან მარჯვნივ“, „ჩემოდანი“, „გიჟები“ და „ფაუსტი“) უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რასაც მოჰყვა მრავალი სპექტაკლი და უცხოეთის გასტროლი. დღეს თეატრი, დიდი წარმატებით მოღვაწეობს გერმანიაში. მომდევნო წლებში, თეატრის წევრმა, თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, კობა შონიამ, შექმნა და სათავეში უდგას, საკმაოდ პოპულარულ ცეკვის, არგენტინულ ტანგოს სტილს და საქართველოში აარსებს „ტანგოს აკადემია“-ს. ის არის, საერთაშორისო ტანგოს ფესტივალის დირექტორი და დამფუძნებელი. თეატრის ზოგიერთმა წევრმა, ასევე, თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, ირაკლი გურგენიძემ, თავისი შემოქმედებითი საქმიანობა გააგრძელა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, რეჟისორად და ამჟამად დოქტორანტურის ხარისხს იცავს კინოსარეჟისოროს განხრით. დღესდღეობით, ირაკლი გურგენიძე არის საყოველთაოდ ცნობილი მუსიკოსის, ქალბატონ ლიანა ისაკაძის, საერთაშორისო ფესტივალი „ სერენადები“-ს დირექტორი.
2000 წელს ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს - “ქართული ფოლკლორი” გამოეყო და ცენტრში ცალკე ჩამოყალიბდა მომღერალ ვაჟთა გუნდი სახელწოდებით - “ფესვები” (ხელმძღვანელი - დავით უზნაძე). მოგვიანებით, რამოდენიმე წევრმა შექმნა ანსამბლი „შვიდკაცა“, რომელიც დღესაც სარგებლობს მაყურებელთა დიდი სიყვარულით. ანსამბლ „შვიდკაცა“-ს 7 წევრიდან 4 ექიმი გახლავთ: დავით შიშნიაშვილი, ლევან თოლორდავა, გიორგი ლომთათიძე და დავით ნოზაძე.
2001 წელს, ჩამოყალიბდა დრამატული თეატრი “ჰიგია” (დამაარსებელი და მთავარი რეჟისორი თსსუ - ის სტუდენტი, ამჟამად თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი - ნათია გუჯაბიძე). თეატრ „ჰიგია“- ს 19 - მა სეზონმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა თსსუ - ის „თეატრალურ დარბაზში". წარმატებული იყო ასევე თეატრის გასტროლები თურქეთში, შვეციაში, აზერბაიჯანსა და მონაკოში. თეატრის მიერ, მონაკოში წარდგენილმა სპექტაკლმა „ქეთო და კოტე“ - მ, მონაწილე 30 საერთაშორისო სტუდენტურ თეატრებს შორის, საპატიო III ადგილი მოიპოვა რაც უდაოდ, თეატრალური დასის და მისი რეჟისორის დიდი აღიარება იყო საერთაშორისო ასპარეზზე. 2012 წელს, თეატრის რეჟისორის, ასოცირებული პროფესორის ნათია გუჯაბიძის ინიციატივით, დაარსდა ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი“, რომელიც ყოველ წელს ტარდება სამედიცინო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობას ღებულობენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების სტუდენტური თეატრები. თეატრი „ჰიგია“ ამ ფესტივალის მრავალი ნომინაციის მფლობელი გახდა და დასახელდა საუკეთესო სტუდენტურ თეატრად. აღნიშნული წარმატებების გამო, თეატრ „ჰიგია“- ს მიენიჭა „სახალხო თეატრი“- ს საპატიო წოდება.
2004 წელს, ცენტრის დირექტორის ინიციატივით, შეიქმნა თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი “ვეგა” (ხელმძღვანელები - ია კვირიკაშვილი და დავით კულუმბეგაშვილი). 16 წლის არსებობის განმავლობაში, ანსამბლი აქტიურადაა ჩართული თსსუ - ის კულტურის ცენტრის ყველა საკონცერტო პროგრამაში, გამართა არაერთი სოლო კონცერტი, საღამო და ქორეოგრაფიული სპექტაკლი. 2019 წელს, საქართველოში, სტუდენტურ დღეებზე ჩატარებულ კონკურსში, ანსამბლმა „ვეგა“-მ მოიპოვა საპატიო II ადგილი. ანსამბლ „ვეგა“-ს დევიზია - “იცეკვე და იყავი ბედნიერი“. ამჟამად, ანსამბლ „ვეგა“- ს ხელმძღვანელობს, საქართველოსა და კავკასიის მრავალგზის თასის მფლობელი, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი სამეჯლისო - სპორტულ ცეკვებში - ია კვირიკაშვილი.
2006 წლიდან 2018 წლის ნოემბრამდე, თსსუ - ში, შექმნილი იყო სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. აღნიშნულ ცენტრში, მოხდა სპორტული და სახელოვნებო ჯგუფების გაერთიანება. ამ პერიოდში ცენტრის დირექტორები იყვნენ - კახა ჭუმბურიძე, ნიკოლოზ მახვილაძე და ზაურ ფხალაძე, მოადგილედ დანიშნული იყო ბადრი მაჭავარიანი.
2006 წელს, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში ყალიბდება მომღერალ გოგონათა გუნდი. ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა დავით ზაქრაძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული) ხოლო შემდგომ, ანსამბლს ხელმძღვანელობდა, საქართველოში, ახალგაზრდა მომღერალი თაობის ერთ - ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადა“-ს სოლისტი - პაატა ცეცხლაძე.
2010 წელს, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა თსსუ - ის საიუბილეო 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელიც მთლიანად ორგანიზებული იყო თსსუ - ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრისა (დირექტორის მოადგილე ბ. მაჭავარიანი) და თსსუ - ის კურსდამთავრებულთა ( ჯ. ჯანაშია, გ. აფხაზავა) მიერ. აღნიშნულ საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თსსუ - ის უცხოელმა სტუდენტებმა 19 ქვეყნიდან, რომლებისთვისაც, სპეციალურად დაიდგა ქორეოგრაფიული კომპოზიცია ( დამდგმელი ქორეოგრაფი - ბ. მაჭავარიანი).
2011 წელს, თსსუ - ის სახალხო ანსამბლის, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელის დავით რატიანის ინიციატივით, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში იქმნება გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი - „ დეკა “. ანსამბლი „დეკა“, მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა 2011 წლის 21 ნოემბერს, თსსუ - ის სააქტო დარბაზში. გოგონათა გამოსვლამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. გოგონებისა და ხელმძღვანელის მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო და ანსამბლ „დეკა“- ს ხშირად იწვევენ კონცერტებზე, როგორც თსსუ - ში, ასევე ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად: ფესტივალი -„არტგენი“, ვაჟა - ფშაველას საიუბილეო საღამოზე, I არხის რადიოს ეთერში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სტუდენტურ დღეებზე, საელჩოებისა და საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ამავე წელს, თსსუ - ის სტუდენტთა და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინიციატივით, ცენტრში ყალიბდება კლასიკური მუსიკის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გოდერძი ჩიტაიშვილი. ძალიან მალე, კლასიკურმა ჯგუფმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა თსსუ -ის კულტურის ცენტრის ღონისძიებებში. უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტებში, გარდა საფორტეპიანო ნაწარმოებებისა, აჟღერდა ნაწარმოებები ფლეიტისათვის, ჩელოსთვის, ვიოლინოსთვის და ვოკალისთვის. კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უდაოდ დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 30 იანვარს თბილისის ივანე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართული კონცერტი. ჩვენი სტუდენტები, მომავალი ექიმები, ღირსეული პროგრამით წარდგნენ მსმენელთა წინაშე და ფრიად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მათზე. კონცერტზე შესრულებული იყო პროკოფიევის, რახმანინოვის, ალბინონის, მასნეს, შოპენის, ვივალდის, სენ - სანის, ბახის, ლაღიძის, აზარაშვილის და სხვა კლასიკოსი მუსიკოსების ნაწარმოებები. ამჟამად კლასიკური მუსიკის ჯგუფში, მომზადებას განაგრძობენ, სტუდენტთა ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ წარმატების მიღწევას, როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე კლასიკური მუსიკის შესწავლაში.
2015 წელს სპორტისა და ხელოვნების ცენტრში დაარსდა საესტრადო ჯგუფი. ცენტრის დირექტორის მოადგილის მიერ, საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელად, მოწვეული იყო, საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებაში კარგად ცნობილი, პროფესიონალი მუსიკოსი - ქალბატონი თამარ არჩვაძე. საესტრადო ჯგუფმა სულ მოკლე ხანში შესძლო სახელის მოპოვება და დიდი წარმატებით ღებულობდა მონაწილეობას კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ ყველა საკონცერტო პროგრამაში. ამ კონცერტებზე, თსსუ - ის სტუდენტების მიერ, ხშირად სრულდება, როგორც ქართული, ასევე ფრანგული და ინგლისური თანამედროვე სიმღერები.
ფრიად მნიშვნელოვანია, თსსუ - ის სტუდენტთა კულტურულ ცხოვრებაში უცხოელი სტუდენტების ჩართულობა. ამ ჯგუფებს, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში, კოორდინაციას უწევს, თსსუ - ის კურსდამთავრებული, ცენტრის უფროსი სპეციალისტი მარიამ მაჭავარიანი. უცხოელმა სტუდენტებმა ძალიან დიდი წარმატებით მიიღეს მონაწილეობა თსსუ - ის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საღამოში, რომელიც ჩატარდა ფილარმონიაში, სატელევეიზიო შოუში - „ნიჭიერი“ და ასევე ხშირია მათი გამოსვლები თსსუ - ის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. თსსუ - ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრში ხშირად აღინიშნებოდა მათი ქვეყნების ტრადიციული და ეროვნული დღესასწაულები.
2018 წლის ნოემბრიდან, თსსუ - ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები. ცალკე ჩამოყალიბდა თსსუ - ის კულტურის ცენტრი. დირექტორად დაინიშნა ბადრი მაჭავარიანი.
თსსუ - ის კულტურის ცენტრში, არსებული შემოქმედებითი ჯგუფების წარმატებაში უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის, თსსუ - ის რექტორს - ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცლერს - ბატონ ზურაბ ორჯონიკიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ინფრასტრუქტურის სამსახურს, წარმომადგენლობით საბჭოს და სტუდენტურ თვითმმართველობას. ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია თსსუ - ის გაზეთისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის თანადგომა კულტურის ცენტრის საქმიანობის წინსვლაში.