თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის (MDLM) და ი. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით თსსუ უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას — „ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“.
კონფერენცია გაიმართება 28 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.
ღონისძიება გააერთიანებს ლაბორატორიული მედიცინის განათლების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობას ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი კოლეგებიც მიიღებენ.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად სესიას და დატვირთულია ინტერდისციპლინარული საკითხებით. პირველ სესიაზე განხილული იქნება ლაბორატორიული მედიცინის სწავლების თანამედროვე მიდგომები და მათი პრაქტიკული დანერგვა. მეორე სესია დაეთმობა ლაბორატორიული მედიცინის როლს კლინიკურ პრაქტიკაში. ძირითადი პროგრამის პარალელურად გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კონფერენციაც. ღონისძიების დასასრულს პანელური დისკუსიის ფორმატში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ ლაბორატორიული მედიცინის სწავლებისა და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენების საკითხების განხილვაში.
კონფერენცია ეძღვნება ‘’საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის’’ (MDLM) ‘’კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ევროპულ ფედერაციაში’’ (EFLM) წევრად მიღებას.
ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის რექტორი მოწვეული პროფესორის წოდებას მიანიჭებს რუმინეთის, ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მინოდორა დობრეანუს, რომელიც წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს თსსუ-ის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტთან და ასოციაციასთან.
ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მინიჭებული აქვს 6 სახელმწიფო კრედიტ-ქულა შემდეგ სპეციალობებში: ლაბორატორიული მედიცინა, საოჯახო მედიცინა და შინაგანი მედიცინა.
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ
კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ
კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ - ნინო გოგოხიას -n.gogokhia@tsmu.edu
ახალგაზრდა მეცნიერების სესიასთან დაკავშირებული კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტს - ივლიანე სურმავას - i.surmava@tsmu.edu