2019/2020 სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიება

2019/2020 სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიება

23 სექტემბერი განსაკუთრებული დღე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის. დაიწყო ახალი სასწავლო წელი!

ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და აშშ-ის  წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა   პროფესორებმა. 

წელსაც, როგორც აქამდე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტში ყველაზე მოტივირებული და მაღალი შედეგის მქონე სტუდენტები ირიცხებიან. 

საყურადღებოა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამებზე, უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერია საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების არა მარტო მედიცინის, არამედ ყველა სხვა პროფილის პროგრამების გათვალისწინებით. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2019  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად,  ჩარიცხული აბიტურიენტების საკონკურსო ქულების როგორც საშუალო,  ისე მაქსიმალური მაჩვენებლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ყველა სამედიცინო მიმართულების პროგრამის გათვალისწინებით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველსემესტრელებს  მიულოცა სწავლის დაწყება და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ლიდერია წარმატებულ უნივერსიტეტთა შორის, მან წარმატებისთ გაიარა ავტორიზაცია და ასეთივე წარმატებით ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციისთვის. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ 23 მაისს  AMEE-ს (ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია) რეგიონული ცენტრი - მსოფლიოში მესამე ცენტრი, სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა. საამაყოა, რომ საქართველო და, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხდება სამედიცინო განათლების ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის ჰაბი.

მან ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ პერსპექტივებსა და ფართო შესაძლებლობებზე, რაც ყველა სტუდენტს საშუალებას აძლევს მაღალპროფესიულ, კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბდეს და არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიოს წარმატებას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები აქვს, ამასთანავე მისი ისტორია ბევრ საამაყო ფაქტს მოიცავს. ამ საზეიმო დღესაც ბატონმა ზურაბ ვადაჭკორიამ განსაკუთრებულად აღინიშნა იმ სტუდენტების სახელები, რომელთაც აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენებისას საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს სამსხვერპლოზე. მათი მემორიალი წლებია დგას თსსუ-ის ეზოში, თუმცა წელს პირველად, ის დასრულებული სახითაა წარმოდგენილი. 27 სექტემბერს თსსუ-ის დიდი ოჯახის ყველა წევრი უდიდეს პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, - აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.

რექტორმა წინსვლა  უსურვა სტუდენტებს: „წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყველაფერში! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“ - ამ იმედიანი ფრაზით დაასრულა მან თავისი სიტყვა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ;  მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დღევანდელი დღე თვალნათლივ წარმოადგენს დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატების მაგალითს: „ჩვენ ვხედავთ რამდენად წინაა დღევანდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წლების წინანდელ სამედიცინო უნივერსიტეტთან შედარებით. ჩვენ ამ განვითარების გზაზე მუდმივად გვერდით გვიგულეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 25% განათლებაზე დავხარჯოთ“.

პირველსემესტრელებს მიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ; მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ 29 წლის წინ თავად იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ისაუბრა მედიკოსის პროფესიის უდიდეს მნიშვნელობაზე, წარმატება უსურვა სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის ძალიან ბევრი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ბევრი მათგანი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრიც სახელმწიფო მართვის საქმეშია რეალიზებული. ყველა მათგანი განსაკუთრებული პატივით აღნიშნავდა, რომ თსსუ მისი ალმა-მატერია.

სტუდენტებს სასწავლო წელი მიულოცეს: საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილემ, ბატონმა  ზაზა ბოხუამ;  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ბატონმა ვლადიმერ კახაძემ; ტირგუ- მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ლეონარდ აზამფირეიმ (რუმინეთი); დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ; რუმინეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება რადუ-ლივიუ ჰორუმბამ; მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის “UniMan” დირექტორმა, პროფესორმა სოფი სილვესტრმა (გრენობლი, საფრანგეთი), რომელიც თსსუ-ში იმყოფება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის, ,, უცხოელი პროფესორების ვიზიტების პროგრამის" ფარგლებში; ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, სოციალური მედიცინისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიანა ჰრიციუკმა (ჩერნოვცი, უკრაინა); ჯანდაცვის, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა (ავსტრია); ჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიისა და სიცოცხლის მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა დეკანმა, ჩესტერის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯონ ვილიამსმა (დიდი ბრიტანეთი); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანმა  სამედიცინო განათლებისა და სტუდენტთა ურთიერთობის საკითხებში, მიკორობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის კარდიოლოგიური განყოფილების ასისტენტ-პროფესორმა ანდრო კაჭარავამ; თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსმა ექიმმა ირმა კვიცარიძემ (ავსტრია); თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ (გერმანია);  თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ; მედიცინის ფაკულტეტის მე-7 სემესტრის საერთაშორისო სტუდენტმა ჰაითჰავ დავმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალეროვნულმა, მეგობრულმა ოჯახმა - საერთაშორისო სტუდენტებმა თავის მშობლიურ ენაზე მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დაწყება პირველსემესტრელებს. 

თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ, საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილ სცენაზე მიიწვია 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონეს - ლიზი ლომთათიძეს კი განსაკუთრებული საჩუქარი - ლეპტოპი - თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა. ღონისძიების კულმინაციურ წუთებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნი აჟღერდა.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ პირველსემესტრელებს, შესაბამისი მიმართულებების უცხოელ პროფესორებთან ერთად, შეხვნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა. მათ ისაუბრეს ფაკულტეტების შესახებ და პასუხი გასცეს პირველსემესტრელთა შეკითხვებს.

დღის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: თსსუ-ის ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლი, გოგონათა ანსამბლები -  ,,დეკა" და  ,,ვეგა", ასევე წარმოდგენილი იყო კლასიკური და  საესტრადო მუსიკალური ნომრები. 

იხილეთ 3D ფოტოების ბმული https://bullettime.ge/tsmu/ 

იხილეთ მოძრავი ფოტოების ბმულები: http://bit.ly/gifstsmunewbeginning    http://bit.ly/gifstsmunewbeginning2
იხილეთ ფოტოების ბმულები: http://bit.ly/tsmunewbeginningphotos1  http://bit.ly/tsmunewbeginningphotos2

იხილეთ ღონისძიების Facebook Live

იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე 
იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე 
იხილეთ სტატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  თსსუ-ის ღონისძიებაზე სტუმრობის შესახებ ინტერპრესნიუსზე   




საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა - "მოამბე"- ღონისძიების შესახებ


ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა -"ქრონიკა"- ღონისძიების შესახებ