2020 წლის  27 სექტემბერს  სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა

2020 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ტრადიციულად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში,  უიარაღოდ მებრძოლი და ბრძოლის ველზე დაცემული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძისა და რევაზ მუმლაძის სახელებს.

აფხაზეთის ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტების მშობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ასევე, თსსუ-ის კურსდამთავრებულებმა - აფხაზეთის ომის ვეტერანებმა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან ისაუბრა აფხაზეთის ომში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და არსებული ვითარების გამო დიდი მწუხარება გამოთქვა. 

სიტყვით გამოვიდა, ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანი  და  ომში დაღუპული ბიჭების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ზურაბ ლეშკაშელი.

დამსწრე საზოგადოებას, გვერდში დგომისთვის, დიდი მადლობა გადაუხადა  ომში დაღუპული გმირის - თსსუ-ის ყოფილი სტუდენტის - ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ,  ქალბატონმა ნანა ბეგიშვილმა.  მან განსაკუთრებით აღნიშნა  თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას დიდი დამსახურება, დაღუპული გმირების უკდავსაყოფად უნივერსიტეტის ეზოში მემორიალის აღმართვისთვის. ასევე, მადლობა გადაიხადა იმისთვის, რომ   ომში დაღუპული სტუდენტების  ხსოვნისთვის განხორციელებულ ღონისძიებას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს.