პირველადი დახმარების ტრენინგი კენ ვოლკერის კლინიკაში

პირველადი დახმარების ტრენინგი კენ ვოლკერის კლინიკაში

USAID-ისა და EMORY-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში 27 აგვისტოს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში” პირველადი დახმარების ტრენინგი ჩატარდა. სწავლება მოიცავდა პირველადი დახმარების ძირითად საფეხურებს. ტრენინგის მიზანია, პირველადი დახმარების ელემენტების თეორიული და პრაქტიკული სწავლებით ხელი შეუწყოს სხვადასხვა შემთხვევის დროს პაციენტის დასტაბილურებას მანამ, ვიდრე შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა, რადგან თითოეული წუთი მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისთვის.

პრაქტიკული ცოდნის განმტკიცებისთვის, ტრენინგის დროს, ფიზიკური თერაპევტები PFID-ის მულაჟებზე ცდიდნენ ახალ უნარებს. პრაქტიკულ სწავლებას უძღვებოდა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საქართველოში მყოფი დარგის სპეციალისტი, ფიზიკური თერაპევტი კინგა კორხოვიეცი.

ტრენინგები „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" ფიზიკური თერაპევტებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის PFID-ის ხელშეწყობით რეგულარულად ტარდება.

„კენ ვოლკერის კლინიკა" აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. კლინიკას მხარს უჭერს საქართველოში USAID-ისა და „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში”, რომელსაც ემორის უნივერსიტეტი თსსუ-სთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), PFID-თან (კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის”) და CIL-თან („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”) ერთად ახორციელებს. პროექტის აქტივობების მიზანია საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა პარტნიორობს „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან". თბილისში, ახლადგახსნილ კლინიკაში განთავსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნა სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა.

2020 წლის 1 ივლისიდან „კენ ვოლკერის კლინიკა" მოსახლეობას სთავაზობს როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებას თბილისში, გუდამაყარის N4-ში.

* ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით,1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID-ი უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას.


: