თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის კიდევ ერთი დიდი აღიარება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის კიდევ ერთი დიდი აღიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივით და ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ინოვაციური პროექტების გამოსავლენად. საამაყოა, რომ  ექვს საუკეთესო აღმოჩენას შორის,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამაზ ჭუმბურიძის  პრეპარატი - ,,დუალერ-G“ დასახელდა.  მრავალეტაპიანი ექსპერტული შეფასების შედეგად, ინოვაციამ მხარდაჭერა და დაფინანსება მოიპოვა.

ინოვაციური, ანტიალერგიული პრეპარატი ,,დუალერ-G“ მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა, რაც მისი ანტიჰისტამინური და  ანტისეროტონინური მოქმედების დამსახურებაა. მედიკამენტი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, არ იწვევს ძილიანობას, მხედველობის დარღვევას და გარემოს აღქმის ცვლილებებს.  პრეპარატმა წარმატებით გაიარა სტანდარტიზაცია, პრეკლინიკური და კლინიკური კვლევები  და რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს მიერ.  

,,დუალერ-G“ უნივერსიტეტის და ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის სამეცნიერო და მაღალტექნოლოგიურ პოტენციალს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ თამაზს ამ დიდ აღიარებას!