საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სხდომა პროფესორ გურამ ტატიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა

საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სხდომა პროფესორ გურამ ტატიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა

2019 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც ღვაწლმოსილი ქირურგის, მეცნიერისა და პედაგოგის, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის და ვიცე-პრეზიდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საკავშირო სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მრავალი საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების და საბჭოს წევრის, საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარის, პროფესორ გურამ ტატიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სხდომას ესწრებოდნენ თსსუ-ის აკადემიური პერსონალი; კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში; ქირურგთა  ასოციაციის  და  მთლიანად,  სამედიცინო  საზოგადოების  თვალსაჩინო  წარმომადგენლები.

სხდომა გახსნა თსსუ-ის  მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია თომაძემ. მან აუდიტორიას წარუდგინა სრულყოფილი ინფორმაცია პროფესორ გურამ ტატიშვილის ცხოვრებასა   და მოღვაწეობაზე,   მის ოჯახზე.  ყურადღება გაამახვილა იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც პროფესორ გურამ ტატიშვილს მიუძღვის ქართული ქირურგიული სკოლის განვითარებისა და სრულყოფის საქმეში.  გაიხსენა მისი მასწავლებლები, რომელთა დამსახურებაზეც, ბატონ გურამს ძალიან უყვარდა საუბარი. პროფესორი გურამ ტატიშვილი ყოველთვის სიამოვნებით ჰყვებოდა ადამიანებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მისი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად, ის იყო თავდადებული პედაგოგი, რომლის თაოსნობითაც ბევრი წარმატებული ქირურგი ეზიარა ამ ურთულეს პროფესიას.

აუდიტორიას მიმართა და პროფესორი გურამ ტატიშვილი გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან ისაუბრა იმ თანამდებობრივ საფეხურებზე, რომელიც ბატონმა გურამმა გაიარა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მაშინდელი ინსტიტუტის) წიაღში: პედიატრიული ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, თსსი-ის პედიატრიული ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, რომელსაც მანამდე ხელმძღვანელობდა მისი სათაყვანებელი მასწავლებელი, ბატონი მიხეილ ჩაჩავა.. ასევე, მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა ის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი გახლდათ  და არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას ჭრიდა ქართული ქირურგიული სკოლის წინსვლისთვის. 

ბატონი გურამ ტატიშვილის ღვაწლი გაიხსენეს:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მარიამ ჯაშმა; სს ,,საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, დავით საგანელიძემ; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა ამირან გამყრელიძემ; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ბატონმა ვლადიმერ კახაძემ; პროფესორებმა: დიმიტრი კორძაიამ, შოთა ჯაფარიძემ, რამაზ ხეცურიანმა, მერაბ ერემეიშვილმა, დავით აბზიანიძემ, მერაბ კილაძემ, აკაკი ბერიძემ, გოჩა ინგოროყვამ, ავთანდილ ჯორბენაძემ, ბესიკ იაშვილმა.

აუდიტორიას მიმართა პროფესორ გურამ ტატიშვილის ვაჟმა, პროფესორმა დავით ტატიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას თბილი მოგონებების და პროფესორ გურამ ტატიშვილის ღვაწლის დაფასების გამო, ასევე, გაიხსენა რამდენიმე ფაქტი, სადაც კარგად ჩანდა მამამისის - პროფესორ გურამ ტატიშვილის პიროვნული ღირსება და ხასიათის შტრიხები. აღნიშნა, რომ მან სიცოცხლეშივე მოიპოვა პატივისცემა და კეთილგანწყობა იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც არც კოლეგები იყვნენ და არც მისი პაციენტები... მოგეხსენებათ, ადამიანის შინაგანი სამყარო და დიდსულოვნება, მისი გაუტეხელი სული ცალსახად იწვევს პატივისცემასა და მოწიწებას. 

საღამოზე არაერთხელ ახსენეს ის უმძიმესი ტრაგედიები, რომელიც ბატონმა გურამმა გადაიტანა შვილისა და შვილიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ისაუბრეს მის უდიდეს პიროვნულ ძალაზე, რომელმაც შეაძლებინა, ცხოვრების ყველა სირთულე გადაელახა და თავისი საქმის ერთგულ, ქმედით პროფესიონალად დარჩენილიყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რამდენი წელი იცოცხლა, მნიშვნელოვანი იყო იმ საქმეთა ჩამონათვალი, რომელიც რამდენიმე სრულფასოვან სიცოცხლეზეც რომ გადანაწილებულიყო, მაინც საკმარისი იქნებოდა ადამიანის სახელისა და ღვაწლის წარმოსაჩენად. 

პროფესორ გურამ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა, საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციის კანცლერმა, მერაბ ტატიშვილმა დიდი მადლიერება გამოხატა ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვინც კეთილი სიტყვით გაიხსენა ბატონი გურამი და აღნიშნა, რომ უკვე ტრადიციული გახდა პროფესორ გურამ ტატიშვილის თაოსნობით და თსსუ-ის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაფუძნებული ჟურნალი „საქართველოს ქირურგიის მაცნე“, რომელმაც უკვე მოიპოვა რეფერირებადობა საქართველოს მასშტაბით და უახლოეს პერიოდში მიიღებს საერთაშორისოდ რეფერირებადი ჟურნალის სტატუსს. 2019 წლიდან ჟურნალს ეწოდება „გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე“ და აქ უკვე იბეჭდება რეცენზირებადი სტატიები. 

პროფესორ გურამ ტატიშვილის სახელს მისი გარდაცვალების შემდეგაც არაერთი კეთილად დაგვირგვინებული, საშური საქმე დაუკავშირდა.