თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ეწვია

თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ეწვია

2020 წლის 6 იანვარს, თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს  საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ეწვია. მასთან ერთად მუზეუმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ზაზა ბოხუა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ნუნუ მიცკევიჩი სტუმრობდნენ.

მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ შენგელიამ სტუმრებს გააცნო მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქართველი ხალხის შექმნილი უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები, მედეას ეპოქაში და ზოგადად, კოლხურ-იბერიულ  მედიცინაში არსებული მასალები, საქართველოში სამედიცინო და ბიოლოგიური აზროვნების განვითარების ისტორია.

პრეზიდენტი გაეცნო  ქართულ სამედიცინო ხელნაწერებს, საქართველოს მთიანეთში ტრეპანაციის დროს გამოყენებულ ქირურგიულ ხელნაკეთ ინსტრუმენტებს და შელოცვის ავგაროზებს; იხილა საუკუნეების წინ ტრეპანირებული, ხელოვნურად და ბუნებრივად დეფორმირებული, ბრძოლაში დაზიანებული ადამიანის თავის ქალები; ასევე, 15 მილიონი წლის წინანდელი, გიგანტური ცხოველის-ამფიციონის-ნაფეხური.

 „საქართველოს ძალიან მდიდარი და სრულყოფილი ისტორია აქვს მედიცინაში, ჩვენ გვაქვს  უფლება ვიყოთ მედეას ქვეყანა. ამ ტერმინის ირგვლივ უნდა მოვუყაროთ თავი რესურსებს და  გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე. მუზეუმს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული მედიცინის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაცნობებთ, რომ ქართული მედიცინის ისტორიის  მუზეუმი 2018 წელს  განახლდა. გახსნის ცერემონია დაკავშირებული იყო  მუზეუმის 50 წლისთავთან და ასევე, ამავე მუზეუმის პირველი დირექტორის, პროფესორ მიხეილ შენგელიას 100 წლისთავთან. 

მუზეუმის კოლექციაში  მთლიანად 19 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება — მათ  შორის, სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები და ანთროპოლოგიური მასალები. გარდა ამისა, ფონდში დაცულია ცნობილი ქართველი მედიკოსების პირადი არქივები და რარიტეტული სამედიცინო ლიტერატურა. 

მუზეუმი,  ამავდროულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ბაზას წარმოადგენს.