პროფესორ ლოთარ იეგერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პროფესორ ლოთარ იეგერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

 
   

მიმდინარე წლის  30 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესორ ლოთარ იეგერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ პროფესორი ლოთარ იეგერი ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დარგში აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეცნიერი, პედაგოგი და ექიმია. მისი ურთიერთობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან (მაშინ სამედიცინო ინსტიტუტთან) ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც სოხუმში ჩატარდა თსსუ-ის ალერგოლოგიის კათედრისა (დღეს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი) და საკავშირო ალერგოლოგიის ცენტრის მიერ ორგანიზებული  მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. მას მერე მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაერთ სასიკეთო საქმეში შეიტანა თავისი წვლილი. თსსუ-ის გერმანულენოვან სამედიცინო სამყაროსთან ინტეგრაციაში დიდია პროფესორ ლოთარ იეგერის დამსახურება.

1983 წელს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტსა (დღეს უნივერსიტეტი) და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც წლების მანძილზე ხორციელდებოდა: თანამშრომელთა გრძელვადიანი სტაჟირებები გერმანიასა და საქართველოში; ერთობლივი კვლევები; ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში ქართულ-გერმანული კონფერენციების ორგანიზება. ეს ურთიერთობები გაფართოვდა, რაშიც აღსანიშნავია, პროფესორ მანანა ქუთელიას წვლილი.

პროფესორმა ლოთარ იეგერმა მადლიერებით მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აღიარება და მზადყოფნა გამოხატა მომავალი თანამშრომლობისთვის. მან ასევე დიდი პატივისცემით გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთობლივად განხორციელებული უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები და აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის განსაკუთრებული ქვეყანაა.