შეხვედრა მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის – IFMSA-ს გაცვლითი პროგრამების დირექტორის მოადგილესთან ჯეიმს იანანითან

შეხვედრა მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის – IFMSA-ს გაცვლითი პროგრამების დირექტორის მოადგილესთან ჯეიმს იანანითან

2018 წლის 2 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა შეხვედრა გამართეს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის – IFMSA-ს გაცვლითი პროგრამების დირექტორის მოადგილესთან, ჯეიმს იანანისთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია, IFMSA-საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი, თსსუ-ის სტუდენტი ნიკა გვაზავა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი მიქაძე.

IFMSA (International Federation of Medical Students’ Association) არის არაკომერციული და არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია 1.3 მილიონი მომავალი მედიკოსი მთელი მსოფლიოდან. 

IFMSA ასევე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის – WHO-ს შვილობილი ორგანიზაცია და აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერებთან (UN), სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციასთან (AMEE) და სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან.

2015 წელს თსსუ-ის მხარდაჭერით IFMSA-საქართველო შეიქმნა და ამავე წელს IFMSA –საქართველო გახდა IFMSA-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ხოლო IFMSA-ს 2018 წლის მარტის გენერალურ ასამბლეაზე სრული წევრობა მოიპოვა.

შეხვედრაზე პროფესორმა ხათუნა თოდაძემ ჯეიმს იანანს IFMSA-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი IFMSA-ს როგორც ადგილობრივ, ასევე საერაშორისო ორგანიზაციასთან.  

პროფესორი რიმა ბერიაშვილის განცხადებით კი, თსსუ მზადაა უზრუნველყოს IFMSA  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტებისათვის თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში პრაქტიკის ორგანიზება.