ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების კურსს გადიან

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების კურსს გადიან

მაგდალენა ბაჰმანი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მაგდალენა ბაჰმანი თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე კლინიკური სტაჟირების კურსს გადის. 

სტუდენტი ამბობს, რომ საქართველოში ყოფნა მისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგანაც აქ ეცნობა მისი ქვეყნისგან განსხვავებულ სამედიცინო სისტემას. 


,,ჩამოვედი, რომ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები გავიუმჯობესო და ამისთვის თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მენობა-გინეკოლოგიაში პრაქტიკულ კურსს გავდივარ. აქ მუშაობა ძალიან მომწონს.  ქვეყნის  ფარგლებს გარეთ ეს ჩემი პირველი სტაჟირებაა.

თბილისი ავირჩიე იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა სამედიცინო პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში მიმეღო და ვფიქრობ, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, რადგანაც აქ გავეცანი ჩემი ქვეყნისგან განსხვავებულ სამედიცინო სისტემას. 

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, აქ ბევრი რამ მომწონს. გაოცებული ვარ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობითა და მეგობრული დამოკიდებულებით, ამას ძალიან ვაფასებ“, - განაცხადა მაგდალენა ბაჰმანმა. 


როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პლატონ მაჭავარიანი ამბობს,  მაგდალენა ბაჰმანი ერთი კვირაა რაც ამ კლინიკაში იმყოფება და მან უკვე თავი გამოიჩინა განსაკუთრებული აქტიურობით. 


„მაგდალენა ესწრება სამედიცინო მანიპულაციებს. საამაყოა, რომ გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, ჩვენ მას ვძენთ სიყვარულს და სითბოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები ჩვენს მომავალს წარმოადგენენ. 

მაგდალენა ძალიან დაინტერესებულია თავისი დარგით. ჩემთვის საამაყოა, რომ ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ის იმყოფება კლინიკაში, სადაც უწევს მუშაობა კოვიდ პაციენტებთან, მისი განწყობა არის შესაბამისი - ეს არის ექიმური ღირსება. ის თვლის, რომ მისი ადგილი არის იქ, სადაც ქვეყანას უჭირს. მართალია, ის დღეს თავის სამშობლოში არ იმყოფება, მაგრამ ზოგადად, ექიმებისთვის საზღვრები ალბათ არ არსებობს. 

იმედი მაქვს, მისგან კარგი ექიმი დადგება და გაგვიხსენებს, რომ ერთხელ მას ქართველმა ექიმებმა გარკვეული უნარ-ჩვევები და ცოდნა შევძინეთ საქართველოში“, - ამბობს პლატონ მაჭავარიანი.

მეორე სტუდენტი ავსტრიიდან, რომელიც ამავე კლინიკაში იმყოფება, ანა რეინერია. ის ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. 

ანა ამბობს, რომ თსსუ-ის და მისი უნივერსიტეტის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ინსბრუკში მოღვაწე ქართველ ექიმს, ირმა კვიცარიძეს შეხვდა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ უამბო. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაევლო სტაჟირება. 


„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ შევხვდი ქართველ ექიმს ირმა კვიცარიძეს, რომელიც ინსბრუკში მოღვაწეობს, მან მიამბო უნივერსიტეტისა და მისი საუნივერსიტეტო კლინიკების შესახებ. ძალიან დავინტერესდი და ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩამოსვლა. თსსუ-ის  საერთაშორისო ურთიერთოების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, ძალიან ყურადღებიანები არიან, მათ გაგვიწიეს გიდობა ჩამოსვლის პირველივე დღიდან. 

ვიმყოფები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ძალიან მომწონს, როდესაც დახმარებას ვუწევ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. აქ ძირითადად კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. გუშინ ექიმთან ერთად ვიყავი შემოვლაზე, ყურადღებით ვაკვირდებოდი ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციას, ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

ზოგადად, საქართველოში ჩამოსვლამდე არ მქონდა ინფორმაცია ამ ქვეყანაზე. ნამდვილად გაოცებული ვარ ამ ლამაზი გარემოთი და მშვენიერი ხალხით. ლამაზია საქართველო, განსაკუთრებულად მომეწონა სვანეთი და ასევე ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო“,- ამბობს ანა რეინერი.


ანა კლინიკურ სტაჟირებას თერაპიაში თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  გადის. 

თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის კონსტანტინე ლილუაშვილის თქმით, მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო პროცესი, როგორც თემატურად, ისე მეთოდოლოგიურად ემთხვევა სტუდენტის საჭიროებას.


„ჩვენს მიერ შეთავაზებული სამუშაო პროცესი, თემატურად და მეთოდოლოგიურად ემთხვევა იმ საჭიროებას, რომელიც აუცილებელია ანას მომავალი საქმიანობისთვის.

მას აქვს მნიშვნელოვანი საშუალებები იმისთვის, რომ პრაქტიკული საქმიანობა განავითაროს და ამის საფუძველზე შეიძინოს ცოდნა შინაგან მედიცინაში, მონაწილეობა მიიღოს პროცესებში და თვითონ განახორციელოს ის სამედიცინო პროცედურები, რომელიც მას შემდგომ გამოადგება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენთან მკურნალობენ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები, მნიშვნელოვანი პათოლოგიებით, მათ აღენიშნებათ კომორბიდული მდგომარეობები, ამიტომ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ პრაქტიკის განმავლობაში დააკვირდეს, ნახოს და გაატაროს პაციენტების ისეთი კატეგორია, რომლებსაც სხვადასხვა შინაგანი სნეულებები გააჩნიათ“, - აღნიშნავს კონსტანტინე ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ავსტრიელი სტუდენტები თსსუ-სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან.