თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გურამ კიკნაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გურამ კიკნაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

2020 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსს გურამ კიკნაძეს 80 წელი შეუსრულდა. 

საზოგადოებისა და მედიცინის სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი ბატონი გურამის ფასდაუდებელი ღვაწლის შესახებ, როგორც უნივერსიტეტის ფარგლებში, ისე მის  გარეთ.

გურამ კიკნაძის მოღვაწეობა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოიცავს პრაქტიკულ, პედაგოგიურ და სამეცნიერო, აგრეთვე, კანონშემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობას კლინიკური მედიცინის, მათ შორის, საოჯახო მედიცინის, სამედიცინო ტერმინოლოგიის, ჯანდაცვის სამართლის, ადამიანის უფლებების, ბიოსამედიცინო ეთიკისა და ბიოეთიკის სფეროებში.

გურამ კიკნაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს დაამთავრა და მალევე აქვე 1970 წლიდან შეუდგა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას - იყო ასისტენტი, დოცენტი და შემდეგ პროფესორი.

2001 წელს მან საფუძველი ჩაუყარა და დააარსა პირველი აკადემიური სტრუქტურა საოჯახო მედიცინის სფეროში - „საოჯახო მედიცინის ფაკულტეტი“ და „საოჯახო მედიცინის კათედრა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, იყო ფაკულტეტის დეკანი 2001-2006 წლებში. 

2006 წლიდან ზემოხსენებული აკადემიის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის შემდეგ პროფესორი გურამ კიკნაძე უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარგლებში აყალიბებს საოჯახო მედიცინის პირველ დეპარტამენტს და საოჯახო მედიცინის ცენტრს, არის აღნიშნული ცენტრის დირექტორი და საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან 2015 წლამდე ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი.

2015 წლიდან ბატონი გურამი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი და აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტში - ასწავლის სტუდენტებს და აგრძელებს მუშაობას დიპლომისშემდგომი განათლების დონეზე სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“ რეზიდენტებთან და სპეციალობის მაძიებლებთან. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქმიანობის პერიოდში გურამ კიკნაძის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მომზადებულია სასწავლო კურსები, სილაბუსები და სასწავლო მასალა მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტების სხვადასხვა კურსებისთვის, რომლებიც მოიცავს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისთვის სრულიად ახალი საკითხების და დისციპლინების სწავლებას - „პირველადი ჯანდაცვა“, „საოჯახო მედიცინა“, „ბიოფსიქოსოციალური მიდგომა მედიცინაში“, „კომუნიკაციის უნარ-ჩვევები“, „პროფესიონალიზმი“.

მისივე ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა სრულვადიანი სარეზიდენტო პროგრამის მომზადებას სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“. პირველი რეზიდენტების მზადება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაიწყო 2003 წლიდან და დღემდე წარმოადგენს ოჯახის ექიმთა მზადების ძირითად კერას ქვეყანაში. 

როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განვითარებისას ემერიტუს გურამ კიკნაძის თაოსნობით დაიწყო საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან „საოჯახო მედიცინის/ზოგადი პრაქტიკის ეროვნული კოლეჯების, აკადემიებისა და ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაციიდან“ (WONCA), „ოჯახის ექიმთა/ზოგადი პრაქტიკის ექიმთა მასწავლებლების ევროპული აკადემიიდან“ (EURACT), „ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიიდან“ (AAFP). ის არის „ოჯახის ექიმთა/ზოგადი პრაქტიკის ექიმთა მასწავლებლების ევროპული აკადემიის“ (EURACT) წევრი 2005 წლიდან, მისივე ინიციატივით ამავე წლიდან საქართველო გაერთიანდა აღნიშნულ აკადემიაში. 

2003 წელს გურამ კიკნაძის თაოსნობით და ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია. იგი დღემდე ამ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა. ასოციაციის მიერ მომზადებული, განახლებული და რეცენზირებულია რამდენიმე ათეული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი. ასოციაციის მიერ მომზადებული და განხორციელებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ათასზე მეტი სპეციალისტი.

უშუალოდ კლინიკურ და სამედიცინო დისციპლინებში ზემოხსენებული საქმიანობის გარდა ემერიტუს გურამ კიკნაძეს ინტერესების სფერო და მოღვაწეობა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობას, პაციენტის უფლებებს, ბიოსამედიცინო ეთიკას და ბიოეთიკას.

გურამ კიკნაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის ჩამოყალიბება და განვითარება. კერძოდ, გურამ კიკნაძის ხელმძღვანელობით მომზადდა ფუნდამენტური მნიშვნელობის კანონები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“, აგრეთვე სპეციფიკური კანონები „ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ”, „ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარების და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ“, „ადამიანზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ“, „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ“.

მისივე ინიციატივით და უშუალოდ მონაწილეობით განხორციელდა ყველა საჭირო სამუშაო ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტების ხელმოწერისა და რატიფიკაციისათვის ბიომედიცინისა და ადამიანის უფლებების სფეროში - „კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ და მისი პროტოკოლები „ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ“, „ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ“, „ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ“.

განსაკუთრებით აღნიშვნას საჭიროებს გურამ კიკნაძის საქმიანობა საქართველოში ექიმთა პროფესიული საქმიანობის ეთიკური რეგულაციის სფეროში. მისივე ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მომზადდა შემდეგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები: „საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი“ (2003), „ექიმის პროფესიული საქმიანობის წესები“ (2011). 

2000 წელს ემერიტუს გურამ კიკნაძის ინიციატივით (მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივით) ჩამოყალიბდა საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭო - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონსულტაციო ორგანო. იგი დღემდე ამ საბჭოს უცვლელი წევრია. მისი უშუალო მონაწილეობით ამ საბჭოს მიერ მომზადებულია 100-ზე მეტი რეკომენდაცია ბიოსამედიცინო ეთიკის და ბიომედიცინის სფეროში ადამიანის უფლებების ზოგად და სპეციფიკურ საკითხებზე.

2000-იანი წლების დასაწყისში ემერიტუსი გურამ კიკნაძე ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მოამზადა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომლის საფუძველზე საქართველოში დაიგეგმა შესაბამისი კანონმდებლობა და ჩამოყალიბდა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა.

2008 წელს გურამ კიკნაძის მიერ მომზადდა კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავებისა და დანერგვის კონცეფციური ჩარჩო და რეკომენდაციები ჩვენი ქვეყნისათვის.

ემერიტუს გურამ კიკნაძის მიერ ზემოხსენებული საქმიანობისას გამოქვეყნებულია 10 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რამდენიმე ათეული სამეცნიერო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო პუბლიკაცია, მომზადებული და რედაქტირებულია 25 კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი და პროტოკოლი. აღნიშნულ ნაშრომებს განეკუთვნება ბოლო წლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები კომუნიკაციის საკითხებზე, რომლის სამიზნედ, ფაქტობრივად, ყველა სპეციალობის ექიმი და მედიკოსი სტუდენტები მოიაზრებიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პროფესორ გურამ კიკნაძის დაუღალავი შრომა „სამედიცინო ტერმინთა და ეპონიმთა ორთოგრაფიული ლექსიკონის“ შესაქმნელად. აღნიშნული სამუშაო დაიწყო 1994 წელს და სრულდება წელს. 

ალბათ, რთულია ემერიტუს გურამ კიკნაძის მიერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის მეტ-ნაკლებად სრულად მოცვა, თუმცა, ვფიქრობთ, აღნიშნულიც საკმარისია, რომ დავაფასოთ მისი დაუღალავი და კეთილსინდისიერი შრომა, ენთუზიაზმი, მისი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა კოლეგებისა და სტუდენტებისადმი და, რაც მთავარია, ის წარუშლელი შედეგები მისი საქმიანობისა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის არის ხელშესახები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ბატონ გურამს  საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას დღეგრძელობას.