2023 წლის 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამერიკული კორპორაცია Cintana education - ის წარმომადგენელი, ჯანდაცვის მეცნიერებათა დოქტორი ფრანცისკო გუტიერეზი, ასევე, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მედიცინის სკოლის დეკანი ნინო შარაშენიძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ლანა ბოკუჩავა სტუმრობდნენ.
სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმასპინძლეს თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ კილასონიამ და აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვამ.
შეხვედრაზე „Cintana education“ - ის წარმომადგენელი დაინტერესდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებით, აკადემიური პროცესით, საუნივერსიტეტო კლინიკებით, განხორციელებული და მიმდინარე პროექტებით და თანამედროვე მიღწევებით, რის შესახებაც თსსუ-ის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კორპორაცია „Cintana education“ აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით (ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა და აზია) და მისი მიზანია, განავითაროს უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელი, რომელიც მიზანმიმართულია, დააკმაყოფილოს მზარდი გლობალური მოთხოვნა მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად.
აღნიშნული შეხვედრის შედეგები და ინფორმაციის გაცვლა სამომავლოდ ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალ პერსპექტივებსა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას.