თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2019 - საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2019 - საზეიმოდ გაიხსნა

2019 წლის 3 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა რიგით მერვე, თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი  - ,,ნიღაბი-2019“ , რომლის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.  საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის. მან გამოხატა დიდი პატივისცემა ჟიურის წევრების  და ფესტივალის წამყვანების მიმართ,  მონაწილე უნივერსიტეტების დასებს კი წარმატება უსურვა. 

„ფესტივალის ტრადიციული მასპინძელი  მერვე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, რაც პასუხობს უნივერსიტეტის მთავარ სლოგანს -„ტრადიციებით მომავლისკენ“. ეს  ტრადიცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, თსსუ-ის თეატრალური დარბაზი ყოველთვის მზად იქნება ფესტივალს უმასპინძლოს." - აღნიშნა რექტორმა.

“ნიღაბი” არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი მიზანია სტუდენტებს შორის კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.  

ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და 10 დეკემბერს საზეიმო დახურვაზე გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში.  წელს ჟიურის შემადგენლობაში შედიან: თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, რეჟისორი გოგი თოდაძე, მსახიობები: ეკა მჟავანაძე,  ბაია დვალიშვილი,   დიმიტრი მერაბიშილი , სალომე შარვაძე, ანი ბებია და ილო ბეროშვილი. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი,  ირაკლი გვილავა.

ფესტივალის ფარგლებში, მარია ლადოს პიესის მიხედვით  დადგმული პირველი სპექტაკლი- „არაჩვეულებრივად, ჩვეულებრივი ამბავი” , წარადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა- „ჰიგია“.

წელს,  როგორც გასულ წლებში  საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო უმაღლესი სკოლების თეატრალური დასები მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას . მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტი (SEU) წარმოადგენს სპექტაკლს -  “დორიან გრეი”,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA  სპექტაკლს-  “რევიზორები”, თავისუფალი უნივერსიტეტის თეატრალური დასი წარსდგება სპექტაკლით -  “ალტონელი განდეგილები”,  კავკასიის უნივერსიტეტი - სპექტაკლით -  "არალეგალები", ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  „ART  ხელოვნებას“ წარმოადგენს. რაც შეეხება საერთაშორისო უნივერსიტეტებს, წელს მონაწილებას მიიღებს უნგრეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წარსდგება სპექტაკლით -  “მოგვთა საჩუქარი” და პოლონეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, სპექტაკლით - “ხელის თხოვნა ”.