2021 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი, ბატონი ზაზა მარუაშვილი. სტუმარს ახლდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ეროვნული კოორდინატორი, ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპა“ - ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია ოკუჯავა.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად ესწრებოდნენ თსსუ-ის ვიცე-რექტორები, პროფესორები: ხათუნა თოდაძე და სოფიო ბახტაძე; სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ბატონმა ზაზა მარუაშვილმა აღნიშნა, რომ „ჰორიზონტი ევროპა“ ევროკავშირში კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტიც 95,5 მილიარდი ევროა. პროგრამის სრული ხანგრძლივობა შვიდი წელია და ის 2021-2027 წლებს მოიცავს. საქართველოს მიზანია აქტიურად ჩაერთოს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. ევროპის მასშტაბით, კონკურენციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, წარმატებულად ჩაერთოს „ჰორიზონტი ევროპისთვის“ საპროექტო წინადადებების შედგენასა და კვლევითი კონსორციუმების შექმნაში. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაიხსნება „ჰორიზონტ ევროპის“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რომლის ფუნქციაც იქნება როგორც საუნივერსიტეტო დონეზე ინფორმაციის გავრცელება და კვლევითი ჯგუფების მხარდაჭერა, ასევე ერთი რომელიმე მიმართულების მიხედვით პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ პოპულარიზაცია და სამეცნიერო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოიაზრება საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის შექმნა, რომელიც, ასევე, მთელს ქვეყნაში ჯანმრთელობის მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას.
თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის შექმნისთვის ზრუნვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაუყოვნებლად დაიწყებს.