თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების აკადემიური ქსელის -ANSER სრული წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების აკადემიური ქსელის -ANSER სრული წევრი გახდა

ANSER - სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების აკადემიური ქსელი - საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმაა, რომლის მიზანია აღნიშნული მიმართულებით ახალი ცოდნის გავრცელება მეცნიერებში, პრაქტიკოს სპეციალისტებში და ამ ცოდნის გაზიარება პოლიტიკოსებისთვის, შემდგომი ქმედითი ზომების გადასადგმელად. ქსელში ათობით უნივერსიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შედის, მათ შორის, ისეთები, როგორიცაა: ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი (აშშ), კაროლინსკას ინსტიტუტი (შვედეთი),  ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (გერმანია), კოვენტრისა და სასექსის უნივერსიტეტები (დიდი ბრიტანეთი) და ა.შ. ქსელის შექმნის ინიციატორი გენტის უნივერსიტეტია. არსებობს ქსელის წევრობის ორი ფორმა: ასოცირებული და სრული. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ANSER-ის წევრობაზე განაცხადი 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში შეიტანა. 27 ნოემბერს შედგა ქსელის გენერალური ასამბლეის სხდომა.  სხდომას მოწვეული წევრების სახით ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ბატონი ზაზა ბოხუა, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ ხომასურიძე და მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ქალბატონი ლელა ბაქრაძე და ბატონი გიორგი მატარაძე. გენერალური ასამბლეის სხდომაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ წარადგინა თსსუ-ის განაცხადი და დაასაბუთა აღნიშნულ ქსელში ჩვენი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანშეწონილობა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთხმად მიღებულ იქნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების აკადემიური ქსელის (ANSER) სრულ წევრად.

ANSER-ის წევრობა შემდეგ უპირატესობებს აძლევს თსსუ-ის სტუდენტებს, რეზიდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს:

  • თსსუ-ის სტუდენტების მონაწილეობა გენტის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლებში, რომელიც ეხება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს;
  • დოქტორანტების ჩართვა ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში აღნიშნული მიმართულებით, როგორც გენტის უნივერსიტეტში, ისე ქსელში შემავალ სხვა წევრ უნივერსიტეტებში;
  • ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მაგისტრების მონაწილეობა ინტერშიპებში.