თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენციაზე

2022  წლის 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ლიონში (საფრანგეთი) ჰიბრიდულ რეჟიმში ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში  აქტიური მონაწილეობა  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე;  აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია;   აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის   მოადგილე სალომე ვორონოვი; ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი  ზურაბ  ორჯონიკიძე (დისტანციურად); ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი  რიმა ბერიაშვილი (დისტანციურად); დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი ეკა ეკალაძე (დისტანციურად);  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე ნინო თევზაძე და ამავე  პროგრამის მთავარი სპეციალისტები - გვანცა ვარდოსანიძე და ნინო შიუკაშვილი.

კონფერენციაზე დელეგაციის წევრებმა წარადგინეს შემდეგი პოსტერული მოხსენებები:

•  „AMEE International Networking Center in Georgia: 3-year experience“- G. Simonia, Z. Vadachkoria, S. Voronovi, Z. Orjonikidze, Kh.Todadze

•  ,,Research projects conducted in Georgia within the framework of the Discovery Phase course)“-  A. Undilashvili, G. Churchvardi, N. Tevzadze, E. Ekaladze, N. Janikashvili

•  ,,Impact of Covid pandemic on well-being of medical students and the role of small group advisers in supporting the students’ mental health challenges“   - E.Ekaladze, G.Vardosanidze., N.Kavlashvili, N.Tevzadze , L.Abashishvili, MJ.  Lechowicz

•  ,,Does Multisource Feedback Increase the Motivation for  Further  Professional  Development?  – Assessment For Learning from a Medical Teacher's   Perspective“ - N.Shiukashvili, MJ. Lechowicz., G.Churchward, G.Vardosanidze, N.Tevzadze, E. Ekaladze

•  ,,Assessing Pathology-Specific Competencies at Tbilisi State Medical University“ -R. Beriashvili, S. Voronovi, T. Guchashvili, M. Jikurashvili  

ღონისძიებაზე საქართველოში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრმა სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ  კონფერენციის საგამოფენო დარბაზში ცალკე სივრცე დაეთმო ინფორმაციას ცენტრის მიღწევების შესახებ. 

უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო განათლების ევროპული ასოციაციის, AMEE-ის წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წლის 23 მაისს დაფუძნდა. ამჟამად ამ ასოციაციაში მსოფლიოს 110 ქვეყანაა გაერთიანებული. თსსუ-ში გახსნილი წარმომადგენლობა AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიოში მეორე ცენტრია,  რაც არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ელენე მაისურაძის, ვერიკო რევიას და ნინი ჯღარკავას პროექტი „პირველი ნაბიჯები სამედიცინო პრაქტიკაში“ 

სტუდენტურ პროექტებს შორის გამარჯვებულად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ AMEE-ის  ცენტრის თანახელმძღვანელი სალომე ვორონოვი  კონფერენციაზე მიწვეული იყო მნიშვნელოვანი სესიის მოდერატორად - “აკადემიური განვითარება- პრაქტიკის საზღვრების გაფართოება”. სესიაზე განხილული იყო ედინბურგის, ბრისტოლის და კანადის  უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგები. მოხსენებებს მოყვა აქტიური დისკუსია. დაიგეგმა მომავალი წლის კონფერენციაზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, კვლევების მომდევნო შედეგების განხილვა და კოლეგებს შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება აკადემიური განვითარების მიზნით. 

ასევე, AMEE 2022 კონფერენციაზე მოხსენებებს შორის ფაკულტეტის განვითარების მიმართულებით წარდგენილ იქნა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კურსის “გახდი ექიმი” ფარგლებში ჩართული პერსონალის 360 გრადუსიანი შეფასების საპილოტე პროექტი (ე.ეკალაძე, ნ.თევზაძე, გ.ვარდოსანიძე, ნ.შიუკაშვილი).

კონფერენციის დასკვნით პლენარულ სხდომაზე ოფიციალურად დასახელდა AMEE-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი - შუბა რამანი და AMEE-ის აღმასრულებელი დირექტორი- ანე ლოიდი.

კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საინტერესო შეხვედრები თსსუ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტთან, პროფესორ დევიდ გორდონთან, AMEE-ის ექს-პრეზიდენტებთან, პროფესორებთან: ტრევორ გიბსთან, ტრუდი რობერტსთან და მადალენა პატრიციოსთან, AMSE-ს პრეზიდენტ ჰარმ პიტერსთან, უტრეხტის აკადემიური მედიცინის საუნივერსიტეტო ცენტრის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოლე ტენ კატესთან; პროფესორ დევიდ ტეილორთან, პოლ ჯონსთან და ლორენს შერმანთან. ასევე თსსუ-ის დელეგატებმა აქტიურად გაცვალეს ინფორმაცია სამედიცინო განათლების მსოფლიო დონის კომპანიებთან (NBME, Lecturio, Amboss, Sectra და ა.შ.) და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს.