თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (სომხეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (სომხეთი)

2022 წლის 14 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის, პროფესორ არმენ მურადიანის მოწვევით,  იმყოფებოდნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის რექტორი,  ბავშვთა და მოზარდთა ყბა–სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; თსსუ-ის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე; თსსუ-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი და თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

ვიზიტის ფარგლებში  შედგა სამუშაო შეხვედრა  მხითარ  ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ არმენ მურადიანთან, ვიცე-რექტორებთან, რექტორის აპარატის უფროსთან, ფაკულტეტების დეკანებთან, კარიერული განვითარების სამსახურის უფროსთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრისას განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, მეცნიერებისა და კლინიკური საქმიანობის მიმართულებით. 

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების მიმართულებით, პროფესორმა კონსტანტინე იენკოიანმა  წარადგინა პრეზენტაცია ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ისტორიის,  სტრუქტურისა და მიღწევების შესახებ. „ამჟამად ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომამდელ სამედიცინო განათლებას იღებს 5381 სტუდენტი, 265  რეზიდენტი,  სპეციალობის 84  მაძიებელი, 61 მაგისტრანტი და 3 დოქტორანტი“ - აღნიშნა ვიცე-რექტორმა.  პროფესორმა კონსტანტინე იენკოიანმა ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო კლინიკების, აგრეთვე „სამშობლოს დამცველთა სარეაბილიტაციო ცენტრის“ („ჯარისკაცის სახლი“) საქმიანობაზე. მან აღნიშნა სამეცნიერო მიღწევებიც - ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ბოლო 4 წლის განმავლობაში, HORIZON 2020-ის ფარგლებში, განახორციელა 3 პროექტი  (COBRAIN, ARICE, SCAUT). შეხვედრაზე ასევე განიხილულ იქნა უნივერსიტეტის კოლეჯის, „ჰერაცის“ საქმიანობა.  „ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავდაჯერებულ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო აკრედიტაციისკენ; ამჟამად, ჩვენთან  სწავლობს 2055 უცხოელი სტუდენტი მსოფლიოს 33 ქვეყნიდან. ჩვენი სტუდენტების ყოველი მესამე უცხოეთიდანაა“ - განაცხადა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არმენ მურადიანმა.

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე დაინტერესდა სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების პროცესით, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღო  ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანისგან, პროფესორ ლაზარ იესაიანისგან. თავის სიტყვაში, პროფესორმა მარინა მამალაძემ ხაზი გაუსვა სომეხი და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  მადლობა გადაუხადა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თბილი დახვედრისთვის. „ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებით; დარწმუნებული ვარ, რომ პროფესორ არმენ მურადიანის ხელმძღვანელობით ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს; თქვენს უნივერსიტეტს დიდი მომავალი აქვს“ - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

შეხვედრის ბოლოს, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

იმავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია მიიწვიეს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე. სხდომის მიმდინარეობისას, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია წარადგინა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაზე, რაც ერთხმად იქნა მოწონებული და  დამტკიცებული საბჭოს წევრების მიერ. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს და აკადემიური საბჭოს წევრებს ამ დიდი პატივისთვის და განაცხადა, რომ ის სიამაყით ატარებს - მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას. 

აკადემიური საბჭოს დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი - ქართველი მხატვრის მიერ მინაზე ხელით შესრულებული  ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის გამოსახულება. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტის დროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ დაათვალიერა ტვინის  კვლევის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი “COBRAIN”, საგამოცდო ცენტრი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების სამხატვრო გამოფენა. სტუდენტებმა  თავისი ნახატები საჩუქრად გადასცეს თსსუ-ის დელეგაციის წევრებს.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრსა და  ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიქაელიანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას. შეხვდნენ კლინიკის გენერალურ დირექტორს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს; გაეცნენ კლინიკაში სასწავლო პროცესისა და კლინიკური საქმიანობის მიმდინარეობას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია  „სამშობლოს დამცველთა სარეაბილიტაციო ცენტრში“ ვიზიტმა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ფუნქციური პალატებით, კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ოთახებითა და სასადილოთი; ფუნქციობს  ბიბლიოთეკა. ეს კი მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალიზაციასა და სწრაფ რეაბილიტაციას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტმა მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაიარა წარმატებით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.