თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლა უტრეხტში (ნიდერლანდების სამეფო)  გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლა უტრეხტში (ნიდერლანდების სამეფო) გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უტრეხტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) საზაფხულო სკოლაში, რომელიც ხორციელდებოდა უტრეხტის მედიცინის ცენტრის  ანატომიის და ქირურგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის,  პროფესორ რონალდ ბლეისის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, დავით თოფურიას ხელმძღვანელობით. 

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ    თავის, კისრის, გულმკერდისა და მუცლის ანატომიური დისექციის კურსი უტრეხტის  სამედიცინო ცენტრში, ანატომიის დეპარტამენტში. 

საზაფხულო სკოლაში ყოფნის პერიოდში თსსუ-ის  სტუდენტები  ინტენსიურად მუშაობდნენ არა მარტო დისექციის ტექნიკის ასათვისებლად, არამედ, კურსის ფარგლებში, სწავლობდნენ ანატომიური აგებულების დეტალურ გარჩევას. თითოეულ სტუდენტს, დამოუკიდებელი მუშაობისთვის,  დაურიგდა თეორიული მასალა, რომლის საფუძველზეც, ყოველდღიურად სტუდენტები ამზადებდნენ მოხსენებებს თემატიკის მიხედვით. 

ამასთანავე, ზაფხულის სკოლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ უტრეხტის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი, სადაც გაეცნენ ანატომიური პრეპარატების დამზადების სხვადასხვა ტექნიკას და მუზეუმის ისტორიას. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე,  უაღრესად საინტერესო იყო  უტრეხტის  სამედიცინო ცენტრში არსებული დეპარტამენტების მუშაობის სტილის გაცნობა.

წელს, თსსუ-ის სტუდენტების ჯგუფს საზაფხულო სკოლაში ხელმძღვანელობდა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ლევან ბენაშვილი. 

პროგრამა წარმატებით დაასრულა  თსსუ-ის 75 სტუდენტმა.  


იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია 

იხილეთ ნიუპოსტის სტატია