თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის, ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ყაზახეთში საერთაშორისო-საგანმანათლებლო კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის, ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ყაზახეთში საერთაშორისო-საგანმანათლებლო კონფერენციაზე

 

მედიცინა მეცნიერებაა, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცოდნის გაღრმავება უწყვეტი პროფესიული განვითარების სახით, ექიმის პროფესიულ კვალიფიკაციას სრულყოფს, ხოლო უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო სკოლაში  - ამ სწავლების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია აღნიშნული ინსტიტუციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

ამ კუთხით, საინტერესო გამოდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ქ. აქტობეში (ყაზახეთი) სადაც,  2018 წლის 26-27 აპრილს, ჩატარდა საერთაშორისო-საგანმანათლებლო კონფერენცია - „უწყვეტი სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაცია - თანამედროვე ხედვა“.

ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ორ ნაწილად დაიყო. პირველ დღეს, მან ყაზახ კოლეგებთან ერთად დაათვალიერა დასავლეთ-ყაზახეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, მისი ონკოლოგიის დეპარტამენტი და განყოფილება. ვიზიტის მსვლელობისას ი. კოხრეიძემ კონსულტაცია ჩაუტარა კლინიკის პაციენტებს, მიმოიხილა მედიცინის აქტუალური საკითხები, ინტერვიუ მისცა ადგილობრივ მედიასა და ონკოლოგიის დეპარტამენტის ექიმებსა და დაინტერესებულ სპეციალისტებს წაუკითხა ლექცია - „ონკოლოგიის აქტუალური საკითხები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების გამოცდილება“.

მეორე დღეს, დასავლეთ-ყაზახეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ირაკლი კოხრეიძე წარდგა მოხსენებით: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - გუშინ, დღეს და ხვალ“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თსსუ წარმოადგენს, არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მთავარ უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო კერას და ისაუბრა ლიდერი პოზიციის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტის  სამომავლო პერსპექტივებზე; მიმოიხილა თსსუ-ის ისტორია, მისია, სტრუქტურა და ამოცანები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თსსუ-ში სწავლის და სწავლების მოდერნიზების, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო აქტივობების საკითხებზე.  ირაკლი კოხრეიძემ დეტალურად აუხსნა დამსწრე საზოგადოებას თუ რა პროექტები მიმდინარეობს თსსუ-ში დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების კუთხით, რომლებსაც თსსუ-ის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო უცხოური მედიიდან