თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველის, დავით დელიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველის, დავით დელიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

ქ. ტერნოპილში ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის (EURAMA) ერთობლივი კონფერენციის ჩატარება დაიგეგმა, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძისა და პროფესორ მიხაილო კორდას შორის შემდგარ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 26 მაისს, ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსებიდან 60 წლის იუბელეზე და სადაც თსსუ-ის წარმომადგენლები (ი. კოხრეიძესთან ერთად, ასოცირებული პროფესორი ზ. ბოხუა და მედიცინაში აკადემიური დოქტორი დ. დელიბაშვილი), საპატიო სტუმრების რანგში იყვნენ მიპატიჟებულები.

მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის მისიას წარმოადგენს  მეცნიერებთან, ქირურგ-ონკოლოგებთან, კლინიკურ ონკოლოგებთან, რადიაციული მედიცინის სპეციალისტებთან, პათომორფოლოგებთან, აგრეთვე - სხვადასხვა დარგის ექიმებთან, ექთნებთან და, რა თქმა უნდა, ევროპისა და აზიის ქალთა მოსახლეობასთან ერთად, საბოლოოდ დამარცხდეს ძუძუს კიბო. ევროპისა და აზიის კონტინენტებზე ძუძუს კიბოთი სიკვდილობის შემაშფოთებელი მაჩვენებლების შემცირების მიზნით, ასოციაცია მთავარ ამოცანად ისახავს, ძუძუს დაავადებების შესახებ სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ძუძუს კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ჯანდაცვის ეროვნული ორგანოებისთვის, საერთაშორისო კომპეტენტური ექსპერტების მხრიდან, სათანადო რეკომენდაციების მიწოდებას, რაც სხვა აქტივობებთან ერთად, შესაბამისად ფოკუსირებული სასწავლო პროგრამების და სპეციალური კურსების დანერგვით/ჩამოყალიბებით რეალიზდება.

საერთაშორისო კონფერენცია/მასტერ-კლასში სახელწოდებით “ძუძუს კიბო: ქირურგიული მკურნალობა”,  მონაწილეობა მიიღეს: ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიხაილო კორდამ (ტერნოპილი, უკრაინა), თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა და თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ (თბილისი, საქართველო), მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა, მილანის მედიცინის სკოლის ზოგადი ქირურგიის პროფესორმა სტეფანო ზურრიდამ(მილანი, იტალია), კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის პათოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა, მილანის მედიცინის სკოლის პათოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ჯანკარლო პრუნერიმ (მილანი, იტალია), ტერნოპილის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლეონიდ შკრობოტმა (ტერნოპილი, უკრაინა), ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა იგორ გალაიჩუკმა (ტერნოპილი, უკრაინა),სან ჟერარდოს ჰოსპიტლის ძუძუს დანაყოფის (Breast Unit) დირექტორმა, დოქტორმა რიკარდო ჯიოვანაციმ (მონცა, იტალია), კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ონკოპლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ანდრეა სპანომ (მილანი, იტალია) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, მედიცინაში აკადემიურმა დოქტორმა დავით დელიბაშვილმა (თბილისი, საქართველო).

კონფერენციის დაწყებამდე ასოცირებულმა პროფესორმა ი.კოხრეიძემ და მედიცინაში აკადემიურმა დოქტორმა დ. დელიბაშვილმა ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მ.კორდასთან. შეხვედრის საგანს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ინტენსიფიკაცია, რაც აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდაში უნდა გამოიხატოს. რექტორი, ასევე დაინტერესდა თსსუ-ში არსებული დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დეტალებით და ხაზი გაუსვა  აღნიშნული პროგრამის უპრეცენდენტო წარმატებას მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. საუბარი შეეხო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის და ერთობლივ კვლევებში მონაწილეობის საკითხსაც. შეხვედრის შემდგომ, რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი და ახლადგარემონტებული მორფოლოგიური დეპარტამენტი დაათვალიერებინა.

ამის შემდგომ, მედიცინაში აკადემიურმა დოქტორმა დ. დელიბაშვილმა გამართა შეხვედრა ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ნატალია ლისნიჩუკთან, სადაც მათ განიხილეს საზაფხულო სკოლაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობის დეტალები ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მომდევნო დღეს შედგა შეხვედრა ტერნოპილის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ლეონიდ შკრობოტთან და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ონკოლოგიისა და რადიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორთან იგორ გალაიჩუკთან, რომლებმაც სტუმრებს ონკოლოგიის ცენტრი დაათვალიერებინეს. შეხვედრისას კოლეგებმა ისაუბრეს ტერნოპილის რაიონულ ონკოლოგიის ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისების მოცულობასა და ხარისხზე, პაციენტების საწოლთან სტუდენტთა სწავლების აუცილებლობაზე. აგრეთვე დაისვა საკითხი, მასტოლოგიის ევრო-აზიურ ასოციაციასთან ერთად, გამოიცეს და დამტკიცდეს ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმძღვანელო/გზამკვლევი. ასოცირებულმა პროფესორმა ი. კოხრეიძემ, უკრაინელ კოლეგებს ამ მიმართულებით დახმარება აღუთქვა.

ი.კოხრეიძემ და დ. დელიბაშვილმა ტერნოპილის რაიონული ონკოლოგიის ცენტრის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის დეპარტამენტიც დაათვალიერეს. გაეცნენ დეპარტამენტის ინფრასტრუქტურას, მიმდინარე სასწავლო პროგრამას და ონკოლოგიის სილაბუსს. შეხვედრას, სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომელთაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მრავალი შეკითხვა ჰქონდათ სტაჟირების პროგრამის და მისი პირობების შესახებ.

ქ. ტერნოპილში, დაგეგმილი კონფერენცია, ამა წლის 25-26 იანვარს  - წარმატებით ჩატარდა. საერთაშორისო მასტერ-კლასს 200-მდე მსმენელი ესწრებოდა, როგორც საკუთრივ ქ. ტერნოპილიდან, აგრეთვე უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან. მსმენელთა შორის იყვნენ ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ექიმები, ექთნები, რეზიდენტები და სტუდენტები.

რექტორის, პროფესორ მიხაილო კორდას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მომხსენებლები - იტალიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. განხილულ იქნა ძუძუს კიბოს პრევენციის, სკრინინგის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის აქტუალური საკითხები. აუდიტორიის მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელთაც მოწვეულმა სპეციალისტებმა პასუხები გასცეს. ამავდროულად, მულტიდისციპლინურად, განხილულ იქნა რამოდენიმე კლინიკური შემთხვევა, სადაც ცალსახად გამოიკვეთა მსგავსი შეხვედრების სამომავლოდ ჩატარების აუცილებლობა.

      მომდევნო დღე სრულად დაეთმო კლინიკურ ნაწილს. ტერნოპილის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორთან, პროფესორ შკრობოტთან და სან ჯერარდოს ძუძუს დანაყოფის დირექტორ, დოქტორ რიკარდო ჯიოვანაცისთან ერთად, თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ ორი ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციებს - დამსწრე მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავდა, რომელთა მხრიდან სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის კითხვა დაისვა: საქმე ეხებოდა მოდიფიცირებული ქირურგიული ჩარევების ჩატარების ჩვენება-უკუჩვენებებს, ახალი ქირურგიული მიდგომების დანერგვის აუცილებლობას, ძუძუს ერთმომენტიან და გადავადებულ რეკონსტრუქციებს, პოსტოპერაციული პარციალური დეფექტების ონკოპლასტიკური აღდგენის ტექნიკას, იღლიის ლიმფურ კოლექტორებზე დამზოგველი ჩარევების ჩატარების ტექნიკას და მრავალ სხვას.

ოპერაციებმა ჩაიარა გართულებების გარეშე, რის შემდეგაც გაიმართა ე.წ. მრგვალი მაგიდა, სადაც შეჯამებულ იქნა ნაყოფიერი მუშაობის შედეგები და დაისახა ახალი პერსპექტივა - ქ. თბილისში, ამა წლის სექტემბერში, ჩატარდეს მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის რიგით მეორე კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება ე.წ. არაკეთილსაიმედო პროგნოზული ფაქტორების ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დიაგნოსტიკის და მედიკამენტური, სხივური მკურნალობისა და რეაბილიტაციის, მათ შორის ქირურგიული რეაბილიტაციის საკითხებზე.

ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიხაილო კორდამ მოწვეულ ექსპერტებს, მასტოლოგიის ევრო-აზიურ ასოციაციას და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პირადად მისი რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას სახით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის დიდი იმედი გამოთქვა.

უკრაინული პრესა ღონისძიების შესახებ: