თსსუ-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  სამედიცინო პერსონალის გადამზადების ტრენინგები განხორციელდა

თსსუ-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის გადამზადების ტრენინგები განხორციელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  სამედიცინო პერსონალის გადამზადების ორ ტენდერში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვება მოიპოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოების მიერ აკრედიტებულმა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებმა: „გავრცელებული მწვავე და ქრონიკული პრობლემები პირველადი ჯანდაცვის ექიმის პრაქტიკაში“ (ხანგძლივობა 24 დღე)  და  „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი“  (ხანგრძლივობა  12 დღე).

ტრენინგში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 23 წამყვანი პროფესორ-მასწავლებლი. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და უნივერსიტეტის აფილირებულ კლინიკებში მიმდინარეობდა.

კურსი ორ ნაკადად 60-მა ექიმმა გაიარა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ  6 სატრენინგო ჯგუფში. ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე-ტესტი, ხოლო ღონისძიების დასრულების შემდეგ - ფინალური ტესტირება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა უნივერსიტეტის უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე კატასტროფის იმიტაციით ჩატარებული პრატიკული გამოცდები  - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუას განცხადებით,  ტესტირება და პრაქტიკული გამოცდა ყველა მსმენელმა წარმატებით გაიარა. თუმცა, მისი აზრით, განხორციელებული პროექტის ყველაზე დიდი მიღწევა პიროვნული და კოლეგიალური ურთიერთობებია, რომელიც  ტრენინგების მიმდინარეობისას თსსუ-ის პროფესორ-პედაგოგებსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ კოლეგებს შორის ჩამოყალიბდა. ამ ტრენინგების შემდეგ,  ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელებულია არაერთი ზარი, რასაც მოჰყვა საქართველოში მცხოვრები ექიმებისგან   გადაუდებელი, განსაკუთრებით რთული შემთხვევიბისას, სატელეფონო კონსულტაციებით  უანგაროდ გაწეული დახმარება.

,,მიღწეული შედეგები არამარტო მაღალი ეფექტურობით დაგეგმილმა სატრენინგო კურსმა და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების უდიდესმა ძალისხმევამ, არამედ   პროცესისადმი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა აქტიურმა, პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულებამ განაპირობა. და რაც მთავარია, განხორციელებული პროექტი  ვერ შედგებოდა, რომ არა აფხაზეთიდან ჩამოსული ექიმების მართლაც უდიდესი მონდომება და სიახლეების მიღების სურვილი.

განვლილი თვეების ერთობლივი წარმატებული მუშაობის გამოცდილება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საწინდარია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა მომავალშიც ეფექტური და ნაყოფიერი იქნება და იმედია, არაერთი ერთობლივი პროექტით დადასტურდება“, - აღნიშნა  ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ.

,,სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროექტის შექმნის საფუძველი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა. ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე  დაახლოებით ოცამდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციობს, სადაც დაახლოებით 300-მდე მედიკოსია დასაქმებული, რომელთათვის ძალიან რთულია თანამედროვე სამედიცინო ინფორმაციის და უნარ-ჩვევების მიღება.  მოხარული ვარ, რომ ტენდერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ტრადიციულ აკადემიურ სასწავლებელთან მომავალშიც გვექნება ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,  ქალბატონმა ქეთევან ბაკარაძემ.