თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის,  მაკა გეგენავას სტაჟირება  ჰოლანდიაში,   ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.

თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, მაკა გეგენავას სტაჟირება ჰოლანდიაში, ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.

2018 წლის იანვრიდან  2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა გეგენავა ჰოლანდიაში, ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, რევმატოლოგიის დეპარტამენტში, კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირებისათვის იმყოფებოდა. სტაჟირებას დარგის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი, პროფესორი ტომას ჰუიზინგა (Prof.Dr. Thomas Huizinga) ხელმძღვანელობდა.

ტრენინგის მიმდინარეობის განმავლობაში  მაკა გეგენავა აქტიურად იყო ჩართული დეპარტამენტის  როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო საქმიანობაში. მან დეტალურად გაიცნო და შეისწავლა ძვალ-სახსროვანი სისტემის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის - ძვალ-სახსროვანი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა და კაპილაროსკოპია სკლეროდერმიით დაავადებულ პაციენტებში.

ლეიდენის უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორი  მაკა გეგენავა ჩართული  იყო და ხელმძღვანელობდა ისეთ აქტუალურ პროექტებს, როგორიცაა - სისტემური წითელი მგლურას 2017ACR/EULAR კლასიფიკაცია ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებების მქონე პაციენტებში; ასევე,  გულის სარქვლოვანი პათოლოგიისა და ცერებრული გართულებების კავშირი  სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში. ამ პროექტების შედეგები მაკა  გეგენავამ მოხსენების სახით წარადგინა ლეიდენის უნივერსიტეტის ადგილობრივ კონფერენციაზე და ასევე, ისეთ საერთაშორისო კონგრესებზე, როგორიცაა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების  კარდიოვასკულური დაავადების პრევენციის და რეაბილიტაციის კონგრესი (Europrevent 2019) - ლისაბონი, პორტუგალია; ნუკლეარული კარდიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი (ICNC-2019)- ლისაბონი, პორტუგალია;  ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი (ESC 2019) პარიზი, საფრანგეთი.

თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორ მაკა გეგენავას სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: BMJ, RMD open, Rheumatic &musculosceletal disease; Clinical Rheumatology და სხვა.