თსსუ-ის თეატრის „ჰიგიას“ სპექტაკლი აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა

თსსუ-ის თეატრის „ჰიგიას“ სპექტაკლი აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა

 
   

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. ხუთდღიან ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად, დიდი ზარალი მიადგა საქართველოს: დავკარგეთ 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და პოლიციელი, სახლების გარეშე დარჩა თითქმის 150 000 ადამიანი. ეს იყო ომი, რომლის შედეგებიც ჯერ კიდევ იარებად რჩება. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, გაერთიანდნენ ამ საერთო ტკივილის ირგვლივ. სტუდენტებმა, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის და ამავდროულად, თეატრ „ჰიგიას“ დამფუძნებლის, რეჟისორ ნათია გუჯაბიძის დახმარებით, მოიძიეს ომში დაღუპული გმირების ისტორიები და თითოეულის ცხოვრება სცენაზე გააცოცხლეს.

„რეპერტუარის შერჩევისას, თეატრმა ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისთვის მიგვეძღვნა ჩვენი სპექტაკლი. სტუდენტებმა მოიძიეს დაღუპული გმირების ისტორიები. ამ ისტორიებზე დაყრდნობით 10 ოჯახის ცხოვრება გადმოვიტანეთ სცენაზე და ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი ომის წინააღმდეგ.“ - აღნიშნა რეჟისორმა, ნათია გუჯაბიძემ.

25 აპრილს, თბილისის სახელმწიფოს სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, თეატრ „ჰიგიას“ სპექტაკლის  - „ომობანას“ - პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა.  სპექტაკლი გახსნა და სტუდენტების გულისტკივილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა - გიორგი მიქაძემ.
სპექტაკლისთვის რეალურ ისტორიებთან ერთად გამოყენებული იყო ბასა ჯანიკაშვილის რომანი „ომობანა“.

პრემიერას დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. პროფესორმა ჟურნალისტებთან ოკუპაციით გამოწვეულ პრობლებეზე ისაუბრა:  „რუსეთ–საქართველოს ომით მიყენებული ჭრილობა მოუშუშებელია მთელი საქართველოსთვის და მათ შორის თსსუ–ს სტუდენტებისთვისაც. ის ოკუპაცია დღევანდელობაშიც გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდები ხედავენ პერიოდულად ოკუპანტი როგორ მოაბიჯებს თავისი მავთულხლართებით ჩვენს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ძნელია იცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, რომლის 20% მეზობელი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული. სტუდენტები ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ გამოხატავენ პროტესტს ოკუპაციის წინააღმდეგ და ასევე იმედს იმისას, რომ ეს მალე დასრულდება“.

10 მაისისთვის თეატრი „ჰიგია“ სპექტაკლის განმეორებით ჩვენებას გეგმავს.

ინტერპრესნიუსი სპექტაკლის შესახებ