თსსუ-ის დოქტორანტის თეონა კორკოტაძის წარმატება

თსსუ-ის დოქტორანტის თეონა კორკოტაძის წარმატება

2022 წლის 17 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის  დოქტორანტი თეონა კორკოტაძე, კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიზნით, იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+ კრედიტ მობილობის ფარგლებში.

თეონა კორკოტაძის თქმით, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სტაჟირება მისთვის უდიდესი გამოცდილება იყო, მას საშუალება ჰქონდა ემუშავა CIMUS-ის -ის (მოლეკულური მედიცინისა და ქრონიკული დაავადებების კვლევითი ცენტრი) ლაბორატორიაში, სადაც  შეისწავლა კვლევის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ციტოტოქსიური აქტივობის განსაზღვრის მეთოდიკა სხვადასხვა უჯრედული მოდელების გამოყენებით, MCF-7 (მკერდის სიმსივნური უჯრედები) და U87 (გლიობლასტომა), ციტოტოქსიკური უჯრედების გამრავლების, საკვები არეს შერჩევის და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მათი დამუშავების პროცედურა. 

,,შევისწავლე ხელსაწყო-აპარატურაზე მუშაობა, როგორიცაა მიკროფირფიტის წამკითხველი რომელიც საზღვრავს აბსორბციას და ემისიას (BioTek Synergy H1 Plate Reader), ციტოტოქსიკური უჯრედების მთვლელის (Luns-IITM Automated Cell Counte), ინკუბატორისა და შემრევის (Heidolph Plug & Play Titramax platform shaker), ცეტრიფუგის (Centrifuge 5804/5804 R Centrifuge) გამოყენება. ასევე, მიზანმიმართული მიწოდებისა და გამონთავისუფლებისათვის, მიკრომატარებლების სახით - გვირილის მტვრის მარცვლების დამუშავებისა და გამოყენების პროცედურა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების და ექსტრაქტების მიკროკაფსულირების ტექნოლოგია. მიკოკაფსულებში აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების ჩართულობა შევისწავლე ფლუორესცენტული და მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით (SEM). შევისწავლე ასევე მიღებული მიკროკაფსულებიდან ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტების გამოთავისუფლების პროცესი“- აღნიშნავს თსსუ-ის დოქტორანტი. 

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ყოფნისას თეონა კორკოტაძემ მონაწილეობა მიიღო სიმპოზიუმში - ,,From bench to human translational research“, სადაც წარადგინა პოსტერული მოხსენება - „ბიოლოგიურად აქტიური ეთერზეთებისა და ექსტრაქტების მიკროკაფსულირება მტვრის მარცვლების მიკრომატარებლების გამოყენებით“. 

აღსანიშნავია, რომ თეონა კორკოტაძის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელები არიან: თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი დალი ბერაშვილი და თსსუ იოველ ქუთათეაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი ვახტანგ მშვილდაძე, ხოლო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელი გახლავთ ამავე უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის და ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, CIMUS-ის-ის (მოლეკულური მედიცინისა და ქრონიკული დაავადებების კვლევითი ცენტრი)  მთავარი მკვლევარი, პროფესორი ნოემი საბა სტეფანია (CSABA NOEMI STEFANIA).