თსსუ-ის სტუდენტის ვიზიტი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის სტუდენტის ვიზიტი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის გაზაფხულის სემესტრში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-9 სემესტრის სტუდენტი ლალი ესებუა, Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 5 თვით, პოლონეთში, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ამ ხნის განმავლობაში მას შესაძლებლობა ჰქონდა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დაუფლებოდა ქირურგიის, ნეიროქირურგიის,  ორთოპედიული ქირურგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, ნევროლოგიის დეპარტამენტებში. 

Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო ინგლისური ენის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პოლონელი სტუდენტები, ასევე, საერთაშორისო სტუდენტები, რომელთა შორისაც,  მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მესამე ადგილი მოიპოვა თსსუ-ის სტუდენტმა, ლალი ესებუამ.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ეძლევათ. მოხარული ვარ, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეთა შორის, ერთ-ერთი მეც აღმოვჩნდი და მივიღე გამოცდილება საერთაშორისო კოლეგებთან ურთიერთობის, რამაც თავის მხრივ, ჩემი ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობა მომცა. მადლობა მინდა გადავუხადო თსსუ-ის  რექტორს და ზოგადად, მთელ უნივერსიტეტს ამ საშუალებისთვის.“ აღნიშნა ლალი ესებუამ.