თსსუ-ის ვიცე-რექტორი , ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

თსსუ-ის ვიცე-რექტორი , ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე საქმიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

2019 წლის 11-14 დეკემბერს, ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა ძუძუს კიბოს ონკოპლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი - MNB 2019, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ .

კონგრესი მიეძღვნა  გენიალური მეცნიერის, ფერმწერის და მოაზროვნის, ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალების 500 წლისთავს და მისი ძირითადი პრეამბულა იყო პრინციპი - „არასდროს შეწყვიტო სწავლა“ და „იყავი ლეონარდოს მსგავსი“ (#Never Stop Learning, #Be like Leonardo).

კონფერენციის მსვლელობისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ძუძუს კიბოს ონკოპლასტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებს - აქსილარულ ზონაზე ქირურგიული ჩარევების დე-ესკალაციის აუცილებლობას, ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის ჩვენებებს და მის როლს ორგანოსშემანარჩუნებელ მკურნალობაში, ძუძუს არაინვაზიური კიბოს მენეჯმენტს დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რანდომიზებული კლინიკური კვლევების და ზოგადად, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობას ძუძუს ონკოპლასტიკურ ქირურგიაში, ქირურგიული მკურნალობის შედეგების შეფასების სტანდარტიზებული მოდელების დანერგვას, სხივური თერაპიის როლს ძუძუს რეკონსტრუქციული ქირურგიის კომპლექსში, აცელულური დერმული მატრიქსების და ბადეების გამოყენების შესაძლებლობებს ძუძუს რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, ძუძუს იმპლანტაციის ოპტიმალური მეთოდების შემუშავებას, ძუძუს რეკონსტრუქციაში  - აუტოლოგიური ქსოვილების გამოყენების და ძუძუს ჰიბრიდული რეკონსტრუქციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. კონფერენციის სხვადასხვა სესიის მსვლელობისას განხილულ იქნა კიბოს მარედუცირებული ქირურგიის, ძუძუს არაინვაზიური კიბოს, იმპლანტაციასთან ასოცირებულ ანაპლასტიური მსხვილ-უჯრედოვანი ლიმფომის წარმოშობის და ქირურგიული მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შედარებითი ანალიზის აქტუალური საკითხები.

კონფერენციის ბოლო დღე დაეთმო ე.წ. live-surgery კურსს, რომლის დროს, ონ-ლაინ რეჟიმში, საოპერაციო ბლოკიდან დარბაზთან აქტიური კომუნიკაციით, მონაწილეები ადევნებდნენ თვალს საინტერესო შემთხვევების ქირურგიულ მკურნალობას. კონფერენციის დასასრულს მათ მოისმინეს პაციენტებისა და ასევე, ექიმთა უფლებების დაცვის წარმომადგენელთა მოხსენებები, რომლებიც ეხმიანებოდა სამედიცინო დახმარების გაწევის ეთიკურ, სამართლებრივ და ლეგალურ საკითხებს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დეტალებს, რომელთა ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის.