თსსუ-ის წარმომადგენლები დიაბეტის შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASD) 55-ე კონგრესზე

თსსუ-ის წარმომადგენლები დიაბეტის შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASD) 55-ე კონგრესზე

2019 წლის 16-20 სექტემბერს, ქ. ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა დიაბეტის შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASD) 55-ე კონგრესი (წლიური შეხვედრა), რომლის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიწვეულნი იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მეტრეველი და ასისტენტ-პროფესორი ნინო ჩარკვიანი. 

კონგრესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი განაპირობა ისეთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა, როგორიც იყო: ძირითადი სამეცნიერო პროგრამის მრავალფეროვნება; მომხსენებელთა მაღალი პროფესიონალიზმი; მათი წარმომადგენლობითი შემადგენლობა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოწინავე სამეცნიერო ცენტრებიდან; უახლესი მეცნიერული კვლევების შედეგების ფართო ანალიზისა და განხილვის შესაძლებლობა. კონგრესზე დელეგატები ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის, აფრიკის, აზიის ქვეყნებიდან და ავსტრალიიდან. პლენარული სხდომების გარდა აქტუალურ თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა ექსპერტთა ცალკეულ ჯგუფებში და სიმპოზიუმებზე.

განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, შაქრიანი დიაბეტის მართვის ახალი ფარმაკოლოგიური საშუალებების ეფექტურობის, მათი არასასურველი გვერდითი მოვლენებისა და უსაფრთხოების მხრივ, კვლევების შედეგების კრიტიკულმა ანალიზმა. დიდი ადგილი დაეთმო შაქრიანი დიაბეტის მწვავე და ქრონიკული გართულებების (გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის, თირკმლების, ღვიძლისა და ქვემო კიდურების მხრივ) პრევენციისა და მკურნალობის პრობლემების განხილვას, დიაბეტით ავადმყოფთა ფსიქო-ემოციური სფეროს პრობლემებს საერთოდ და კერძოდ - დეპრესიული სინდრომის თემას. 

უფრო კონკრეტულად შეიძლება დასახელდეს კონგრესის მუშაობის ფარგლებში ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: დიაბეტის მართვაში ულტრათანამედროვე პრეპარატების (ე.წ. SGLT2-ის კლასის) გამოყენების შესაძლებლობა არა მხოლოდ ტიპი 2 დიაბეტის დროს, არამედ ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევებშიც, რაც ბოლო დრომდე სრულიად წარმოუდგენლად იყო მიჩნეული. ხაზგასმული იყო სრულიად ახალი და მძლავრი ტენდენციის არსებობა ბავშვთა შორის ტიპი 2 დიაბეტის მზარდი გავრცელების და განსაკუთრებით აგრესიული მიმდინარეობის შესახებ. ენდოკრინოლოგთა, პედიატრთა და მეან-გინეკოლოგთა დიდი ინტერესი გამოიწვია ორსულთა სისხლში გლუკოზის დონის პათოლოგიური მომატების, კერძოდ ე.წ. ორსულთა დიაბეტის  მნიშვნელობის შეფასებამ, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მეთოდების განხილვამ, შაქრიანი დიაბეტის გენეტიკის თემამ.    

„შეუძლებელია კონგრესის ფარგლებში განხილული ყველა სიახლის შესახებ დაწვრილებით მსჯელობა,  მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დიაბეტის შემსწავლელი ევროპის ასოციაციის 55-ე წლიური შეხვედრის მეცნიერული შედეგების გათვალისწინება პროფესიონალებისთვის იძლევა დამატებით შესაძლებლობას პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული საექიმო მუშაობის უკეთ წარმართვისთვის.“ - აღნიშნავს პროფესორი დავით მეტრეველი, კონგრესის შედეგების შესახებ.