თსსუ-ის წარმომადგენლები საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე - BIMCO 2018

თსსუ-ის წარმომადგენლები საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე - BIMCO 2018

2018 წლის 3–7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია მივლინებით იმყოფებოდა უკრაინაში ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში - ,,BIMCO 2018".  ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ წაიკითხა ლექცია – „პოლიპრაგმაზიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები“. კონგრესში ასევე მონაწილეობდნენ და მოხსენებები წაიკითხეს: თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტმა, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის მოწვეულმა პედაგოგმა ლია გუმბარიძემ – „საქართველოში მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა“; სტომატოლოგიის ფაკულტეტის X სემესტრის სტუდენტმა თეკლა რთველაძემ– “გორის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში გავრცელებული პირის ღრუს დაავადებების სტატისტიკა“ და მედიცინის ფაკულტეტის VIII სემესტრის სტუდენტმა დავით მარგიშვილმა – „ჰიპოთირეოიდიზმის მენეჯმენტი ორსულობისას“. ღონისძიებაზე თსსუ–ის წარმომადგენლებმა დაიმსახურეს II ხარისხის დიპლომები. აღსანიშნავია, რომ კონგრესის ფარგლებში უკრაინის სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალში  – „ХИСТ“ დაიბეჭდა თსსუ–ის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების 12 საეცნიერო ნაშრომი.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტარას ბოიჩუკს. შეხვედრაზე გამოითქვა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ერთობლივი საგრანტო პროექტებისა და სამეცნიერო კონფერენციების  ორგანიზების სურვილი. მომავალი საგრანტო პროექტების კონკურსში ერთობლივი კონსორციუმის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკის კოორდინატორთან, პროფესორ ტატიანა ბელოუსოვთან. შეხვედრაზე დაიგეგმა საერთო საგრანტო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.