სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წლის მაისში გაიხსნა სამედიცინო განათლების რეგიონული ჰაბი - AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანია სწავლების, სწავლისა და შეფასების უახლესი მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მათი გადამზადება. გახსნისთანავე ცენტრში ჩატარდა პირველი ტრენინგი „ESME-ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში". ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს მეორე ხუთდღიანი ტრენინგი "ESMEA - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში:  შეფასების მეთოდები“. ტრენინგებს AMEE-ს პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი  უძღვება. 

AMEE-ს ტრენინგის ოთხი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს საერთაშორისოდ აღიარებული  AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მიენიჭებათ. ტრენინგში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 42 პროფესორი, მათგან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 25 თანამშრომელია. 

"მსოფლიოში AMEE-ს სულ სამი წარმომადგენლობა არის გახსნილი და მათგან ერთი საქართველოშია.  ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოში ასეთი პრესტიჟული ცენტრის გასახსნელად სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეირჩა, რაც მის მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტზე და აღიარებაზე მეტყველებს" - განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  გაიანე სიმონიამ.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაარსებულ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში უკვე მეორე ტრენინგი - სტუდენტების კომპეტენციების შეფასების მეთოდებზე, ტარდება. სამედიცინო განათლებაში შეფასებას ერთ-ერთი უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანების ჯანმრთელობა უშუალოდ არის დამოკიდებული სამედიცინო განათლებაზე, განსაკუთრებით კი - სტუდენტების შეფასების მეთოდებზე. პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ხარისხის განათლების შედეგად - სხვა სიტყვებით, თუ გვინდა გვყავდეს ჯანდაცვის კარგი სპეციალისტები, მათ უნდა ამზადებდნენ პროფესიონალი პედაგოგები. ეს კი საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობას. დღევანდელ ტრენინგში მონაწილეებმა კრიტიკულად განიხილეს და იმსჯელეს შეფასების თანამედროვე მეთოდებზე. მომდევნო 4 დღეს კი მოხდება ამ თემის დეტალიზება და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, შეფასების მეთოდების უფრო ღრმა ანალიზი და მათი დაუფლება.“ - განაცხადა AMEE - სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ტრევორ გიბსმა.

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია