თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ბათუმში

თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი ბათუმში

2020 წლის 9 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ  ბათუმში  „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ხელახალ გახსნაზე.

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, კლინიკა თითქმის სამი თვე იყო დახურული. უნდა აღინიშნოს,  რომ „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკამ“ პანდემიის შემდგომ გაიარა შემოწმება და ის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებულ ყველა მოთხოვნებს  და მზადაა პაციენტების ახალი ნაკადის მისაღებად.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ 2018 წლიდან წარმატებით ფუნქციობს ქალაქ  ბათუმში. კლინიკა შექმნილია USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა), შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ და  კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID)  საქართველოს წარმომადგენლობის დახმარებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში 24 ივლისს თბილისში გაიხსნება „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“. ,,კლინიკის შექმნის მიზანია რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და რაც მეტად მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა“- აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „კენ ვოლკერის სახელობის  სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელივ მიმართულია, არა მარტო პაციენტთა ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა სპეცილისტების ცოდნის ამაღლებისთვის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი  კადრების ხელმძღვანელობით.