პროფესორ მარინა მამალაძის, ასოცირებული პროფესორის ნათია ნიჟარაძისა და თსსუ-ის ერაზმუს+-ის კოორდინატორ ნინო კანდელაკის ვიზიტი პოლონეთში

პროფესორ მარინა მამალაძის, ასოცირებული პროფესორის ნათია ნიჟარაძისა და თსსუ-ის ერაზმუს+-ის კოორდინატორ ნინო კანდელაკის ვიზიტი პოლონეთში

2018 წლის 15-24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და თსსუ-ის ერაზმუს+-ის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული მობილობის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი). ვიზიტი ზედმიწევნით ნაყოფიერი გამოდგა, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ამ პერიოდში უნივერსიტეტში ორი სერიოზული ღონისძიება ჩატარდა: სამედიცინო განათლების მე-20 კონფერენცია და თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტების მიერ ორგანიზებული მე-11 სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ესთეტიკურ სტომატოლოგიას მიეძღვნა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია მიიღო ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანჟეი დროპმა. მან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის იმ საუკეთესო ტრადიციებს, რასაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ვიზიტი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ბარბარა ტიმჩინა ბოროვიჩთან. ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის თითქმის ყველა დეპარტამენტს ესტუმრნენ, დაესწრნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესაუბრნენ პროფესორებს და ტუტორებს, იმსჯელეს სასწავლო კურიკულუმის შესახებ და ისაუბრეს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დიდ მნიშვნელობაზე სტუდენტთა ცოდნის შეფასების თვალსაზრისით.
მასპინძლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ლუბლინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრი და სიხარულით აღნიშნეს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ის ახალი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კონფერენციებში. პოლონეთის სტომატოლოგთა მე-11 სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა მარინა მამალაძემ წარადგინა კვლევის ფრაგმენტი – ,,სხვადასხვა ტიპის ირიგანტების გავლენა არხის კედლების Smear Layer-ის მოცილებაზე".
სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდა პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) თერაპიული სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანა სურდაცკა, რომელიც ლუბლინის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად დაესწრო სემინარს OSCE-ის თაობაზე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა გამოცდის ეს მეთოდი დაინერგოს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტშიც.
ვიზიტის განმავლობაში, დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იზაბელა ვიტკოვსკა, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებინა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის კემპუსი და შეახვედრა ERASMUS + -ის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად მყოფ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებთან.