XX პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

XX პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

2020 წლის 8-16 თებერვალს, ბაკურიანში, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის (პრეზიდენტი ალექსანდრე (დავით) თელია)  ორგანიზებით ჩატარდა XX პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია - „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“.

გაერთიანებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი აკრედიტებული პროფილური კონფერენცია: „კლინიკური ფარმაცია და შინაგანი დაავადებების მართვის ფარმაკოლოგიური ასპექტები“ და „ ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხარისხი და ესთეტიკური მედიცინა.“ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმაც. მათ შორის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სესიაზე - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე (დავით) თელიამ წარადგინა მოხსენება - „ალერგიული დაავადებები ხანშიშესულ პოპულაციაში“, რომელშიც მიმოიხილა ხანდაზმულ პაციენტებში ალერგიული მდგომარეობების გამოვლენისა და იმუნური სტატუსის თავისებურებები, კომორბიდობისა და მკურნალობის სპეციფიკის გათვალისწინებით. თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლ. იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან მაჭავარიანმა გააკეთა მოხსენება თემაზე - „ურტიკარიული ვასკულიტი - კლინიკური შემთხვევები“, მოხსენებაში განხილული იქნა  ალერგიული გენეზის შედარებით იშვიათი გამოვლინების კლინიკური მახასიათებლები და დიფერენციაციის თავისებურებანი საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან.

ნევროლოგიისა და ნეიროფარმაკოლოგიის სესიაზე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ბერიძე წარსდგა მოხსენებით - „ზოგიერთი სიახლე ინსულტის მკურნალობის მიმართულებით“.  თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ირინე ხატიაშვილი მოხსენებით -  „ქრონიკული ნეიროპათიები და მათი მკურნალობა“.  

სხვადასხვა სესიებზე მოხსენებებით წარსდგნენ: თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნონა კაკურიძე - „კარდიო-ცერებრული ცვლილებების მორფოლოგიური მიმოხილვა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს“; თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მედიცინის აკადემიური დოქტორი მანანა ესაიაშვილი  - „ფუნქციური პრეპარატები და ადამიანის ჯანმრთელობა“;  თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ბორის კორსანტია  -  „ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენების გერიატრიული ასპექტები“; თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი  ალიოშა ბაკურიძე  - „ფარმაკოთერაპიული არჩევანის ფიზიკურ-ქიმიური, ფარმაცევტული, მედიკო-ბიოლოგიური და ეკონომიკური ასპექტები“; თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე -  „კლინიკური ფარმაცია: პაციენტი - ექიმი - ფარმაცევტი“  და „პოლიპრაგმაზია გულის უკმარისობის მკურნალობის შემთხვევაში“; 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს,  „ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) გამოწვეული ინფექცია“ , რომელიც წარმოადგინა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ, მან დეტალურად ისაუბრა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ეპიდმდგომარეობაზე, კლინიკურ გამოვლინებებსა და პროფილაქტიკურ ზომებზე და სხვა.

სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია მსგავსი ტიპის სამედიცინო პოლიპროფილურ კონფერენციებს, ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ ატარებს და ის მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ღონისძიებების ორგანიზებას.