თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თავისუფალი მოქალაქის“ სკულპტურა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თავისუფალი მოქალაქის“ სკულპტურა გაიხსნა

2021 წლის 7 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თავისუფალი მოქალაქის“ სკულპტურა გაიხსნა. 

ეს უკვე მეორე სკულპტურაა, რომელიც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის და იდეის ავტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ცნობილი ექიმის, პროფესორ არსენ გვენეტაძის, თანამშრომლობით განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარე სივრცეში. პირველი ნამუშევარი გახლდათ „ბედნიერება“, რომელიც უკვე კარგადაა ცნობილი თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. მეორე ქანდაკება „თავისუფალი მოქალაქე“ გახლავთ, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ ამ ქანდაკების ნიმუში უკვე დგას ბენ-გურიონის უნივერსიტეტში(ისრაელი); საქართველოში -ბათუმში,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

ქანდაკება  სკულპტურის "თავისუფალი მოქალაქე" მსოფლიოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ჯგუფმა აჩუქა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ამ ჯგუფის მიზანია, „თავისუფალი მოქალაქე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაიდგას, როგორც ნიშანი პიროვნული და მოქალაქეობრივი თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობის აღიარებისა.

ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე, პროფესორი არსენ გვენეტაძე, საერთაშორისო კონსული ჯოზეფ ბოკუზი (ნიუ-იორკი, აშშ); პროფესორი აშერ ბაშირი (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი); პროფესორი ნადი ჰაკიმი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); შპს „თორის“ წარმომადგენლები, რომელთა უშუალო მონაწილეობით ჩამოისხა უჟანგავი ფოლადისგან 2,60 მეტრი სიმაღლის „თავისუფალი მოქალაქის“ ქანდაკება.

ღონისძიება გახსნა თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ჭიჭინაძემ. სტუმრებს მიმართა ქანდაკების იდეის ავტორმა, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ. მან გაიხსენა თავის ალმა-მატერში გატარებული წლები და უდიდესი პატივისცემით და სიამაყით განაცხადა, რომ მისთვის შეუდარებელი სიხარულია, რომ „თავისუფალი მოქალაქე“ თსსუ-ის ეზოში დაიდგა, სწორედ თავისუფალი პიროვნება, რომელსაც გულში დედამიწა „უფეთქავს“ არის ის, ვინც მომავლის ადამიანია. სად, თუ არა უნივერსიტეტის სივრცეში უნდა იყოს დავანებული მისი სიმბოლო. პროფესორმა არსენ გვენეტაძემ შეიხი დოქტორი ჯასიმის (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მილოცვა გადასცა გახსნაზე მობრძანებულ საზოგადოებას. ბატონი ჯასიმი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა საქართველოში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. ბატონმა არსენმა დიდი მადლიერებით აღნიშნა თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და კანცლერის, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძის ღვაწლი „თავისუფალი მოქალაქის“ საუნივერსიტეტო სივრცეში განთავსებასთან დაკავშირებით.

სტუმრებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან ისაუბრა ქანდაკების, „თავისუფალი მოქალაქის“, შესახებ. აღნიშნა, რომ თავისუფლების იდეა, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. „ეს ქანდაკება შევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიაში და გახდება მისი განუყოფელი ნაწილი. უდიდესი მადლობა ამ იდეის ავტორსა და განმახორციელებელს, ვფიქრობ, ეს ქანდაკება სათანადო მნიშვნელობას შეიძენს თითოეული უნივერსიტეტელისთვის“.

გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ, როგორც მან აღნიშნა, თსსუ-ში დადგმული „თავისუფალი მოქალაქე“ მისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია: „მხატვარი ვარ და თავისუფლება ჩემთვის უცხო არ არის. მინდოდა შემექმნა ქანდაკება, რომელიც აღსაქმელად ადვილი და მინიმალისტური იქნებოდა. მიმართულებებია მოცემული და დედამიწის გულში ჩახუტებაც არის, რადგან თუ არ გავუფრთხილდით დედამიწას, თავისუფლები ვეღარ ვიქნებით“.

პროფესორმა აშერ ბაშირმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ „თავისუფალი პიროვნების“ ქანდაკება უკვე დგას მის უნივერსიტეტში და მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის თავისუფალი აზრის, პიროვნების სიმბოლო: არ ჩანს არც გენდერი, არც სხვა  განმასხვავებელი ნიშანი. მთავარია მხოლოდ ერთი: გიყვარდეს დედამიწა, მოუფრთხილდე მას და იყო თავისუფალი! 

ახლად დადგმული ქანდაკება შეაფასა ქართული ქანდაკების მკვლევარმა, ქანდაკებების შესახებ გამოცემული სამი წიგნის ავტორმა, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ბადრი ქუთათელაძემ: თსსუ-ში დგას მოქანდაკე კოტე მერაბიშვილის ქანდაკება „ივანე თარხნიშვილი“, ასევე, არაჩვეულებრივი მემორიალი აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტებისა, რამდენიმე წლის წინ დაიდგა „ბედნიერების“ სკულპტურა და დღეს „თავისუფალი მოქალაქის“ გახსნაზე ვიყავით, მინდა აღვნიშნო, რომ ლევან ვარდოსანიძის ნამუშევრები სრულიად განსხვავებული გახლავთ და არაჩვეულებრივად გაითავისა თსსუ-ის სივრცემ. ეს თანამედროვე ქანდაკების კარგი ნიმუშებია და ლოგიკურად ჯდება ამ უნივერსიტეტის გარემოში.

ახალი ქანდაკების გახსნა მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოსა და ებრაელთა მეგობრობის საზოგადოების უფროსმა, ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ლევან ვარდოსანიძე სამგზის გამარჯვებულია იმ მოქანდაკეთა კონკურსში, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიადის გახსნამდე იმართება მსოფლიოს ოლიმპიურ დედაქალაქებში. ამ ნიჭიერი სკულპტორის ყველა ახალი ნამუშევარი გარკვეული მოვლენაა სახელოვნებო სივრცეში. მისასალმებელია, რომ „თავისუფალი მოქალაქე“ უკვე თსსუ-ის ეზოსაც ამშვენებს.

მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ საპატიო საჩუქრები - „თავისუფალი მოქალაქის“ სკულპტურის მცირე ასლები გადასცა: თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცლერს, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს, საერთაშორისო კონსულს ჯოზეფ ბოკუზის; პროფესორი აშერ ბაშირს და პატარა გოგონას, რომელიც ძეგლის გახსნას ესწრებოდა და მომავალი თაობის სიმბოლოდ გაიაზრა.

შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ ახალი ინიციატივით მიმართა საზოგადოებას: ვაღიაროთ სექტემბრის პირველი კვირა დღე „თავისუფალი პიროვნების დღედ“, მივცეთ საშუალება ყველას, რომ ისე აღინიშნოს ეს დღე, როგორც თავისუფალ სულს სწადია. თავისუფლების იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა საზოგადოებამ ხელი მოაწერა საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებულ სამახსოვრო პეტიციას.