2019 წლის 7-11 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მსხილაძე ერაზმუს + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ლიეჟის (ბელგია) უნივერსიტეტში.
მივლინების ფარგლებში, ასოც. პროფ. ლაშა მსხილაძემ ლიეჟის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში, ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიაში, პროფესორ მიშელ ფრედერიშთან ერთად ჩაატარა ლექციები და პრაქტიკული სემინარები; შეაჯამა თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზის“ ორი სტუდენტის სტაჟირების შედეგები, რომელიც, აგრეთვე, განხორციელდა ერაზმუს + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში; პროფესორ მიშელ ფრედერიშთან ერთად განიხილა არსებული ერთობლივი ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამა და მისი განხორციელების ეტაპები.
ვიზიტის დროს, ლაშა მსხილაძემ ლიეჟის უნივერსიტეტის სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს) და აკადემიურ პერსონალს გააცნო თსსუ-ის ისტორია, ღირებულებები, სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო მიმართულებები, ასევე, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა, სტრატეგიული განვითარების გეგმები.
ლიეჟის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული დისკუსიის შემდეგ, გამოითქვა ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დაგეგმვისა და ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის სურვილი.