აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერს  - სოხუმის დაცემის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები იკრიბებიან მემორიალთან, რომელიც თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოშია აღმართული. აქ უკვდავყოფილია იმ ბიჭების სახელები, რომლებმაც  სიცოცხლე შესწირეს საქართველოს მთლიანობას: ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე. ისინი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. 

თსსუ-ის სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომის გმირთა განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 

შეკრებილებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ. მან ისაუბრა ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელმაც საქართველოს ორგანული ნაწილი - აფხაზეთი ჩამოაშორა. მიმართა დაღუპული სტუდენტების ოჯახის წევრებს სიტყვებით: „თქვენ გმირები გაზარდეთ! ისინი არ იყვნენ მარტო თქვენი შვილები, ისინი ჩვენი შვილები - საქართველოს შვილები იყვნენ! მათი დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დასრულდეს. მათი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩავლილა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დადგეს ეს შედეგი და გაერთიანებული საქართველოთი გავიხაროთ ჩვენც და ჩვენმა ძმებმა აფხაზებმაც!“. 

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა. 

ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ - ნანა ბეგიშვილმა, მადლობა გადაუხადა თსსუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილი სიტყვებისა და მზრუნველობისთვის, იმისთვის რომ არცერთ 27 სექტემბერს არ ჩაუვლია შეუმჩნევლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, მუდმივად ზრუნავენ ამ ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად. 

თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ მემორიალთან შეკრებილებს ემოციურად მიმართა: ჩვენ სულ გვეხსომება ჩვენი გმირები! ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე სათუთად და მოწიწებით უკვდავყოფთ ჩვენი უნივერსიტეტის გმირი სტუდენტების სახელებს!

იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე