თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სალომე ვორონოვმა, ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში გამართულ აკადემიური განვითარების მასტერკლასში.
მასტერკლასი ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პროექტის — STAFF-DEV — ფარგლებში და მიეძღვნა თემას: „ერთობლივი ტრანსნაციონალური პერსონალის განვითარება უმაღლეს განათლებაში“.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის განვითარების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ანალიზი სწავლა-სწავლების მიმართულებით.
მასტერკლასზე განხილული იყო ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პროექტის (STAFF-DEV) მიგნებები, კერძოდ კი პროექტის კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების: ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია); კორკის უნივერსიტეტის კოლეჯი (ირლანდია); უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია) მიღებული შედეგები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროპის 15 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, აკადემიური განვითარების ცენტრების და განათლების სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფდა გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას.
პროგრამა მოიცავდა - მოხსენებებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და დისკუსიებს, რომლებიც შეეხებოდა ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მოდელებს, უნივერსიტეტთა ალიანსების როლს, კულტურულ ასპექტებსა და ძირითად გამოწვევებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში. მასტერკლასის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსნაციონალური პერსონალის განვითარებისათვის საჭირო ინსტიტუციურ წინაპირობებს (მმართველობა, რესურსები, ორგანიზაციული კულტურა და სხვა).