ემორის მედიცინის სკოლის პროფესორები  თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ

ემორის მედიცინის სკოლის პროფესორები თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორების მორიგი სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.  

პროფესორები - გორდონ ჩერჩვორდი (ემორის მედიცინის სკოლის ასოცირებული დეკანი) და მერი ჯო ლეკოვიჩი  პროგრამის დაარსების დღიდან დღემდე ქართველ კოლეგებთან ერთად  თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმატებულად დანერგივისა და განვითარების საკითხებზე მუშაობენ. ამჯერად მათთან ერთად თსსუ-ში ვიზიტით იმყოფება არჩილ უნდილაშვილი - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი.  

ვიზიტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, შეეფასებინათ US MD პროგრამის იმპლემენტაციის წარმატების ხარისხი, მეორეს მხრივ, კი დაესახათ გზები შემდგომი განვითარებისთვის.  ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროგრამის ადმინისტრაციულ ჯგუფს და ხელმძღვანელებს, ასევე, ძირითადი კლინიკური კლერკშიფების განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალს. ცალკე სამუშაო შეხვედრა დაეთმო შინაგანი მედიცინის კლერკშიფის მიმდინარეობას: პროფესორებმა - ირმა ჭოხონელიძემ და მიხეილ წვერავამ, კლერკშიფის განხორციელებაში ჩართულმა ექიმებმა - თამარ კასრაძემ, გია ბურჯანაძემ და შორენა შონიამ ისაუბრეს იმ თავისებურებებზე, რაც აღნიშნულ კლერკშიფს ახლავს თან, ასევე, - მიღწეულ შედეგებზე და შემდგომ ამოცანებზე. მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები სხვა ძირითადი კლერკშიფების წარმომადგენლებთანაც იგეგმება. 

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორების სამუშაო ვიზიტისას, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკმაო დრო დაეთმო ,,გახდი ექიმის“ კურსის ანალიზს. კურსი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა  ,,გახდი ექიმის“ კურსის განმახორციელებელ პერსონალთან ერთად განიხილა კურსის მიმდინარეობა. შეხვედრისას საკმაო დრო დაეთმო მცირე ჯგუფის კოორდინატორების ფუნქცია-მოვალეობების, სტუდენტებთან ინდივიდუალური შეხვედრების, აკადემიური მიღწევებისა და კონსულტაციის მნიშვნელობის განხილვას, აგრეთვე, იმ მეთოდოლოგიაზე საუბარს, რაც ,,გახდი ექიმის“ კურსს და ზოგადად, მცირე ჯგუფის კოორდინატორების ინსტიტუტს გამოარჩევს სხვა სასწავლო კურსებისაგან. 

 ემორის პროფესორთა ჯგუფის ვიზიტი დაემთხვა ამერიკული პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტთა ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას.  აღნიშნული გამოცდის ფორმატი ამერიკულ პროგრამაში სტანდარტიზებული პაციენტების მონაწილეობით უკვე მესამე წელია ხორციელდება. პროექტის განვითარებასა და  დახვეწაში დიდი წვლილი შეიტანა პროფესორმა რაია ჩიორნიმ, საოჯახო მედიცინის რეზიდენტურის ასოცირებულმა ხელმძღვანელმა (სანტაფე, ნიუ მექსიკო, აშშ) , რომელიც მთელი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკული პროგრამის მოწვეული პროფესორი გახლავთ. OSCE-ის განმახორციელებელი პერსონალი აქტიურად ჩაერთო შედეგების განხილვისას სტუმრებთან დისკუსიაში, კერძოდ, მათ ერთად შეიმუშავეს მიღწეული შედეგების გაუმჯობესების ახალი რეკომენდაციები და დასახეს სტრატეგიული გეგმა. 

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციულ ჯგუფთან ერთად ამერიკელმა პროფესორებმა ისაუბრეს  მომავალი სასწავლო წლისთვის კვლევითი კომპონენტის განხორციელების გზებზე.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემდგომი სამუშაო შეხვედრების ძირითადი საკითხებია: თსსუ-ის ამერიკული პროგრამის სტუდენტების სტაჟირება, ემორის უნივერსიტეტში კლინიკური კლერკშიფების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შემდგომი განვითარების მიზნით ტრენინგების ორგანიზება, ემორის პროფესორების ჩართულობის გაზრდა.