„ექთნები ახდენენ ცვლილებებს“ –14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა

„ექთნები ახდენენ ცვლილებებს“ –14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა

2020 წლის 14 ნოემბერს თბილისში დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აქცია ჩატარდა. ღონისძიება  „ველფეარ ფაუნდეიშენ“, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველოს“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

წლევანდელი ღონისძიების თემატიკას წარმოადგენდა დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ექთნების როლის წამოწევა დიაბეტის მართვისა და მკურნალობის საქმეში.  დიაბეტის მსოფლიო დღე ეხმიანებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიხედვით დიაბეტის მქონე პირები კოვიდ პანდემიით დაზარალებულ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია, რადგან ქვეყანაში ადგილი აქვს ექთნების მწვავე დეფიციტს, რამაც კიდევ უფრო გააუარესა დიაბეტთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პროექტის თავმჯდომარის ნინო კარანაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება არის გზავნილი დიაბეტიანი პაციენტებისთვის, რომ ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით შეასრულონ ექიმის დანიშნულებები.

„ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჭიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუარესებას დიაბეტური პაციენტებისთვის გლობალური პანდემიის ფონზე.

ღონისძიებაზე, ასევე გამოფენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული თემატური საინფორმაციო პოსტერები.