გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის ერთგული  მეგობარი  და  გულშემატკივარი, პროფესორი კენეტ (კენ) უოლკერი

გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთგული მეგობარი და გულშემატკივარი, პროფესორი კენეტ (კენ) უოლკერი

თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტი  ღრმა  მწუხარებით  იუწყება,  რომ  გარდაიცვალა  სამედიცინო  უნივერსიტეტის  საპატიო  დოქტორი,   თბილისისა  და  საქართველოს  საპატიო  მოქალაქე,  საქართველოს  ერთგული  მეგობარი  და  გულშემატკივარი  -  ემორის  უნივერსიტეტის  (ატლანტა,  აშშ)  შინაგანი  მედიცინისა  და  ნევროლოგიის  პროფესორი კენეტ (კენ) უოლკერი. 

პროფესორი  კენ  უოლკერი  USAID-ის    “Georgia  to  Georgia” -ის   პროგრამის  ფარგლებში  საქართველოს    პირველად  1992  წელს  ეწვია.   მისი  დახმარებითა  და  უშუალო  ხელმძღვანელობით  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტიდან   ემორის  უნივერსიტეტის  სამედიცინო  სკოლაში   25  წელზე მეტია,  რაც  ხორციელდება სტუდენტთა, კლინიკურ  რეზიდენტთა,  ახალგაზრდა  სპეციალისტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები.   პროფესორ  უოლკერის  ინიციატივით ,  ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ერთობლივი  პროექტის საფუძველზე   შემუშავდა  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა  და  თსსუ-ში     თანამედროვე   ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელი   დაინერგა. 

პროფესორ  კენ  უოლკერს  განსაკუთრებული  წვლილი  მიუძღვის ქართველ  ახალგაზრდა  ექიმთა  თაობების  აღზრდაში  და   ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მისი  ინიციატივითა  და  ხელშეწყობით  საქართველოში  დაარსდა  ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი; საქართველოში  დაინერგა  გადაუდებელი  სამედიცინო  მომსახურების  ამერიკული  მოდელი,   გაიხსნა  ექთანთა  გადამზადების  სკოლა; საქართველოში  ხელი  შეეწყო  შიდსისა  და  ტუბერკულოზის  კვლევის  განვითარებას.  უკანასკნელ  წლებში     ამერიკის მთავრობის  მიერ  გამოცხადებულ  კონკურსში  გამარჯვების  შედეგად,    პროფესორი  კენ  უოლკერი   ემორის  უნივერსიტეტის   და თსსუ-ის    ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  ფაკულტეტის    აკადემიურ  პერსონალთან    ერთად,  მისთვის  ჩვეული  ენთუზიაზმით    საქართველოში  რეაბილიტაციის  დარგის  განვითარებასაც  შეუდგა.     

ქართულმა  სამედიცინო  საზოგადოებამ   პროფესორ  კენეტ  უოლკერის  გარდაცვალებით  დიდი დანაკლისი  განიცადა.  მისი  მრავალრიცხოვანი   მოწაფეები,  კოლეგები   და  მეგობრები  მუდამ  სიყვარულით   გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ  ამერიკელი პროფესორის,  ბატონი კენ  უოლკერის  ნათელ ხსოვნას,  რომელსაც  განსაკუთრებით  უყვარდა  საქართველო  და  მისი  განვითარებისათვის  თავდაუზოგავად  იღწვოდა.