კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის სალექციო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის სალექციო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ სოფიო ბახტაძის ინიციატივით თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრიტანეთის პედიატრიული ნევროლოგიის აკადემიის პრეზიდენტი ალასდაირ პარკერი ეწვია.

პროფესორმა პარკერმა ჩაატარა სალექციო კურსი, რომლის პირველი, პრაქტიკული ნაწილი ბავშვის ნევროლოგიური გასინჯვის საკითხებს დაეთმო. იგი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისთვის. შესაბამისად, ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. 

სალექციო კურსის მეორე ნაწილში პროფესორმა პარკერმა წაიკითხა ლექცია „ფუნქციური დარღვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა ბავშვთა ასაკში“. ლექციას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები და თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები. ლექციაზე ასევე განხილული იყო რთული კლინიკური შემთხვევები, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კუტუბიძემ წარმოადგინა. 

ამავე დღეს, პროფესორ პარკერთან შეხვედრა გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა.