კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის 18 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება. 247 უცხოელი კურსდამთავრებული ამაღლებული განწყობით შეიკრიბა თეატრალურ დარბაზში. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ მათი ოჯახის წევრებიც.

უკვე ყოფილ სტუდენტებს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან დიდი წარმატება უსურვა თითოეულ კურსდამთავრებულს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მათი უნივერსიტეტია და მუდმივად უგულშემატკივრებს მათ წინსვლასა და პროფესიულ სრულყოფას. 

გულითადად მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება დარბაზში შეკრებილებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ.

კურსდამთავრებულებს მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ. მან მიულოცა ყველას ამ დღის დადგომა და აღნიშნა, რომ მოხარულია ამ დიდი ზეიმის მონაწილე რომ არის. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი თქვენი წარმატების საძირკველი მინდა გახდეს. ის უცვლელად იქნება თქვენს ბიოგრაფიაში როგორც საწყისი დიდი და აღმავალი გზისა. თქვენ იქნებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ელჩები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, _ თქვა ბატონმა დავითმა.

სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა აუდიტორიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა: „მადლობა ყველას იმ დიდი შრომისთვის, რაც გასწიეთ ამ დღემდე მოსასვლელად, დღევანდელ დღეს ნუ დაიმახსოვრებთ, როგორც სწავლის დასრულების დღეს, ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი. თქვენ აგრძელებთ სწავლას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აქ ჩაყრილი საძირკველი კი, იმედი მაქვს, მყარი და საიმედო იქნება  თითოეული თქვენგანისთვის“...

ვიდრე კურსდამთავრებულთათვის საზეიმო ვითარებაში მოხდებოდა სიგელების გადაცემა, დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ სტუდენტებს, რომლებიც  ტრაგიკული შემთხვევის გამო ვერ მოესწრნენ ამ ბედნიერ დღეს. მათი ხსოვნის პატივსაცემად საფორეტპიანო პიესები შეასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის კურსდამთავრებულმა, ეკენ ედილიჩუკვუ ეჯიკე ეზეანიმ.

კურსდამთავრებულებმა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს პროფსორ-მასწავლებლების მიმართ. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს მაღალრეიტინგულმა კურსდამთავრებულებმა: ლუტფი ფაზილმა, ტენიჯა რაჩელმა და შალიკა განსეშან ნავინიმ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი სიგელები.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ წარმოსთქვეს ჰიპოკრატეს ფიცი.