შვიდი შემოქმედებითი დღე სცენაზე - თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2025“ დასრულდა. ბოლო დღეს, 15 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგია“ წარდგა სპექტაკლით „აგათა“.
შვიდდღიან თეატრალურ მარათონს მასპინძლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზის სცენა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში 8 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასებმა მაყურებელს მრავალფეროვანი სტილისა და ჟანრის სპექტაკლები შესთავაზეს.
ფესტივალის დღეები იყო სავსე ემოციებით, ცრემლებით, ანშლაგითა და მქუხარე აპლოდისმენტებით. კულისებში – ღელვა და მოლოდინი, დარბაზში – მაყურებლის რეაქცია, სცენაზე კი – სტუდენტური თეატრების შემოქმედება.
თითოეულ სპექტაკლს წინ უძღოდა სტუდენტების შრომა, რეპეტიციებით სავსე დღეები. სწორედ პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის ფარგლებში მოყვარული მსახიობი სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასები, რომელსაც მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
ფესტივალი 9 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. პირველ დღეს მაყურებლის წინაშე კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასი წარდგა სპექტაკლით – „უსახელო ვარსკვლავი“.
ფესტივალის მეორე დღეს, 10 დეკემბერს, სცენა დაეთმო „სივრცის თეატრს“ სპექტაკლით – „მარადიული სიყვარული“.
11 დეკემბერს თსსუ-ის თეატრის სცენა დაიკავა სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტის „სცენის აკადემიამ“ სპექტაკლით – „სახიფათოდ“, რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე წარდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი „თეატრონი“ სპექტაკლით – „კურიერი“.
12 დეკემბერს სპექტაკლი – „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.
13 დეკემბერს კი სცენა დაიკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სპექტაკლით – „შუაზაფხულის ღამის სიზმარი“.
14 დეკემბერს მაყურებელმა იხილა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სპექტაკლი – „ნატვრის ხე“.
შვიდი დღის განმალობაში სტუდენტურ თეატრებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა.
16 დეკემბერს, ხვალ, ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და „ნიღაბი 2025“ საზეიმოდ დაიხურება.