პროფესორ ირაკლი ფაღავას ხსოვნის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ირაკლი ფაღავას ხსოვნის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 
   

2018 წლის 28 მარტს 100 წელი შესრულდა გამოჩენილი ქართველი პედიატრის ირაკლი ფაღავას დაბადებიდან (1918-1988). ამ თარიღის აღსანიშნავად, 31 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ირაკლი ფაღავას ხსოვნის საღამო, რომელზეც წარმოდგენილი იყო ამაგდარი პედიატრისა და პედაგოგის ცხოვრების ამსახველი ფილმი ( ავტორი: შემოქმედებითი გაერთიანება „პულსი“) და „წიგნი ირაკლი ფაღავაზე“ (ავტორი: თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ყარამან ფაღავა).

საღამო გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე. მან ისაუბრა დიდი ექიმისა და კეთილშობილი პიროვნების - პროფესორ ირაკლი ფაღავას ღვაწლზე, განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ადრე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში) მას ნახევარი საუკუნე აქვს ნამსახურები და ამ ხნის განმავლობაში უამრავ სტუდენტს ასწავლა და შეაყვარა პროფესია, საკუთარი მაგალითით უჩვენა, როგორი კომპეტენტური და უანგარო უნდა იყოს ექიმი. რაც შეეხება მის საექიმო მოღვაწეობას, მთელმა საქართველომ იცოდა ექიმი ირაკლი ფაღავას ფასი! „მისი სახელით დღესაც ვამაყობთ და გვიხარია, რომ  და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე ექიმები არიან, ღირსეულად აგრძელებენ მამის და პაპის პროფესიულ გზას“, - თქვა ბატონმა ზურაბ ორჯონიკიძემ.

მამის შესახებ ისაუბრა პროფესორმა ყარამან ფაღავამ. მან აღნიშნა, რომ უსაზღვროდ ეამაყება მამის სახელი და მისი დანატოვარი კვალი დღესაც სინათლეს გამოსცემს, მიუხედავად იმისა, რომ დრო-ჟამი გარკვეულწილად შლის ყოველგვარ მოგონებას... განსაკუთრებით ახარებს რომ მამა არასდროს იფარგლებოდა მხოლოდ ვიწრო პროფესიული ჭრილით და ჭეშმარიტი მოღვაწე იყო თავის სამშობლოში: ზრუნავდა ქართულ ენაზე, ზედმიწევნით იცოდა საქართველოს ისტორია და არასდროს ივიწყებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავდადებულ მამულიშვილებს.

ირაკლი ფაღავა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში სამედიცინო  განათლების და პრაქტიკული მედიცინის, სახელდობრ, პედიატრიის აღმასვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი გახლდათ. შეიძლება ითქვას, მან განსაზღვრა  ეროვნული  აკადემიური და პრაქტიკული პედიატრიის  განვითარების ვექტორი  არაერთი  ათეული  წლის  მანძილზე.

ირაკლი ფაღავა იყო ბრწყინვალე პედაგოგი, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული. ახალგაზრდებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მისიად მიაჩნდა. შექმნა პედიატრიის ორტომეული სახელმძღვანელო, მრავალი თაობის ექიმთათვის სამაგიდო წიგნად რომ იქცა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 31 საკანდიდატო და 10 სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკურ განათლებაში.

დიდი მეცნიერი, კოლეგა და პედაგოგი გაიხსენეს  პროფესორებმა: გურამ ბექაიამ და გივი სარალიძემ.

დაუღალავ მოღვაწეზე ისაუბრა მისმა მოწაფემ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტებთან საუბარში ღვაწლმოსილი პედიატრის - ასევე, პედაგოგის - პროფესორ ირაკლი ფაღავას პიროვნება გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ: ის ხალხმრავალი ლექციები, რომელსაც პროფესორი ირაკლი ფაღავა კითხულობდა შეუძლებელია, გაქრეს მეხსიერებიდან... რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მის მიერ სტუდენტებისთვის გადაცემული დიდი ცოდნა, დღემდე საფუძველია ბევრი დიდი პროფესიონალის წარმატებისა. ის დაუვიწყარი განწყობა კი,  რასაც  კეთილშობილებისა და პროფესიონალიზმის განსახიერება - პროფესორი ირაკლი ფაღავა ტოვებდა ყველა სტუდენტში, სამარადისოდ განაგრძობს სიცოცხლეს.

 საზოგადოებრივი მაუწყებელი ღონისძიების შესახებ