პროფესორი შლომი კონსტანტინი (ისრაელი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორი შლომი კონსტანტინი (ისრაელი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2021 წლის 23 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, დანას პედიატრიული კლინიკის  ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შლომი კონსტანტინი (ისრაელი).

პროფესორ შლომი კონსტანტინის შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი, ირინა კაპეტივაძე; ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბუაძე  და ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სტუმარს  მიაწოდა ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ,ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე. სტუმარმა  გამოხატა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ინტერესი. პროფესორმა კონსტანტინიმ ისაუბრა მის დეპარტამენტში მიმდინარე სამეცნიერო და კლინიკური აქტივობის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგიული სამსახურია ქვეყნის მასშტაბით.სტუმარმა გამოთქვა  ურთიერთანამშრომლობის სურვილი და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს მის დეპარტამენტში. 

თსსუ-ის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობებისთვის. 

შეხვედრის შემდეგ სტუმარს დაათვალიერებინეს კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი, სადაც პროფესორმა ირმა მანჯავიძემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა თანამედროვე ტექნოლოგიებით სწავლების და OSCE-ის საგამოცდო სისტემის მუშაობის შესახებ. პროფესორი შლომი კონსტანტინი, ასევე, იმყოფებოდა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში და თსსუ-ის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში. 

პროფესორი შლომი კონსტანტინი, რომელიც 300-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და ბევრი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია, უაღრესად დადებითი შთაბეჭდილებით დაემშვიდობა მასპინძელ მხარეს და სამომავლო ურთიერთობების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.